ვითარება პანკისში

ბოკერია: პანკისში ხელისუფლებას ყველაზე ცუდი - უძალობისა და უსამართლობის კომბინაცია აქვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პანკისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას პანკისის ხეობის მიმართ აქვს, ყველაზე ცუდი კომბინაციაა.

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. 

"პანკისის რეგიონთან დაკავშირებით წლებია მიმდინარეობს პოლიტიკა, რომელიც ყველა მიმართულებით გვაზიანებს. ეს პოლიტიკა მოქალაქეებს, ერთი მხრივ, ხელისუფლების უძალობის განცდას უჩენს და მეორე მხრივ - უსამართლობის. ყველაზე ცუდი კომბინაცია ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ეს კომბინაციაა, ხელისუფლების მხრიდან უძალობისა და უსამართლობის,"- ამბობს ბოკერია. 

პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

ამ დროისთვის ხეობაში ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს ესვრიან. ამავდროულად, დაწყებულია ჰესის მშენებლობაც. მოსახლეობამ კი, ის ტრაქტორი დაწვა, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა. 

პანკისის ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელმაც თქვა, რომ "მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ ისე როგორც საჭირო".

გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

კომენტარები