ვითარება პანკისში

სოლიდარობა პანკისის ხეობას! - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას! სოლიდარობა პანკისის ხეობას! - პარლამენტის შენობასთან დღეს 19:00 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება.

"ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია, უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. სამართალდამცველთა დამატებითი ძალები ამ დრომდე რჩებიან პანკისის ხეობაში. მცირე პროვოკაციას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს," - წერია დაანონსებული აქციის აღწერაში.

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. არიან დაშავებულებიც. 

კომენტარები