ჰესების მშენებლობა

ენერგეტიკის განვითარების ფონდი: მცირე ჰესების მშენებლობა არის ყველაზე უსაფრთხო

„ხადორი 3“ არის მცირე ჰესი და მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო,“ - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ენერგეტიკის და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი.  მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას. ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის, მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი.

„ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და  ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს `ხადორი ჰესის` მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი  კომუნიკაცია“ - თქვა გიორგი ჩიქოვანმა.

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები