ჰესის მშენებლობა

ილია ელოშვილი ღურტელების ბრალდებას უარყოფს

ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სოფელ ღურტაში 8 მარტს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ელოშვილმა გასცა ბრძანება, ფიზიკურად გასწორებოდნენ მოსახლეობას. ელოშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

”ყველა იღებდა იქ ყველაფერს, საჯაროდ  ხდებოდა ეს ყველაფერი. თუკი ერთი ჩანაწერი მაინც ამის დამადასტურებელი არსებობს, რომ მე ვინმეს, არა მარტო ქალბატონებს, თუნდაც მამაკაცებსაც კი, უკმეხად მივმართე ან რაიმე ასეთი ჩავიდინე, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა.

ჩვენ მზად ვართ მათთან ვილაპარაკოთ, ვარწმუნოთ, ვიაროთ მათთან, რაც გონივრულია, ყველაფერი შევასრულოთ, მაგრამ მშენებლობის გაჩერების ფონზე, შანტაჟების ფონზე, ასეთი ფონით რაღაცის მიღების დრო საქართველოში არასდროს არ დადგება”, - აცხადებს ელოშვილი.

8 მარტს, ღურტის მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილის დათვალიერების საშუალება არ მისცა. სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰესის მშენებლობის ადგილზე მორიგეობა ჰქონდათ გამოცხადებული და იქ მთავრობას ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერია და გზა გახსნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ტერიტორიის დათვალიერება, თუმცა პოლიციის ჩარევასთან ერთად სიტუაცია გამძაფრდა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი პოლიციამ დაარბია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ისინი დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის მიერ დაგეგმილი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენებას ორი დღის განმავლობაში აპროტესტებდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ გვირაბის მშენებლობა მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება.

კომენტარები