ვითარება პანკისში

სააკაშვილი: პანკისელების პროტესტი სამართლიანია, ჰესი არ უნდა აშენდეს

რუსთავი2

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პანკისის მოსახლეობის მოთხოვნა, არ აშენდეს ხეობაში ჰესი, სამართლიანია. 

ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"ამ ხეობაში ცხოვრობს განსაკუთრებულად თბილი და პატრიოტი ხალხი. მე ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავდა და მყავს მანდ, ვიცნობ იქაურობას და ეს ხალხი მთლიანობაში იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და ასევე სათუთ მოპყრობას. ამ ხალხმა თავისი პატრიოტიზმით შეუნარჩუნა ეს ხეობა ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს და ამგვარად მათი მოთხოვნა, რომ ჰესი იქ, სადაც ეს შენდება, არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი იმიტომ, რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ ჰაბიტატს, მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს. მე მინდა, ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, 2-ჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ მანდ გამოიყენებთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას, რომ გადაუაროს ადგილობრივ მოსახლეობას,"- ამბობს სააკაშვილი. 

პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

ამ დროისთვის ხეობაში ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს ესვრიან. ამავდროულად, დაწყებულია ჰესის მშენებლობაც. მოსახლეობამ კი, ის ტრაქტორი დაწვა, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. 

კომენტარები