კობახიძის კანონპროექტი

იუსტიციის საბჭოს წევრებს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდების გაუქმება არ უნდათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციებს მართავენ.

საბჭოს მოსამართლე წევრებს, გიორგი მიქაუტაძესა და ლევან მურუსიძეს არ მოსწონთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გრძელი სიიდან შესაძლოა, გაითვალისწინოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდების გაუქმება. 

მიქაუტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეაფასოს განსაკუთრებით იმ კანდიდატების კვალიფიკაცია, რომლებიც არ არიან მოსამართლეები. 

"კანონს, რომელსაც მიიღებენ, აუცილებლად დავემორჩილებით, უბრალოდ, ახლა ვართ პროცესში, რომ გვქონდეს საუკეთესო პროცედურები. მე ვახმოვანებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციებს და ვიღებ იმ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდების სახით, რომ ელემენტარულად გვქონდეს საშუალება შევაფასოთ კანდიდატის კომპეტენცია,"- ამბობს მიქაუტაძე. 

საქალაქო სასამართლოს პოზიციას იზიარებს სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძეც. 

"როდესაც ადამიანს აქვს კომპეტენციაზე პრეტენზია, ის იძახის, რომ მე არაფრის დიდებით არ მინდა, რომ გამოცდა ჩავაბარო. ეს უბრალოდ ჩემს ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს. იქ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ვთქვათ, თუ არის გამორჩეული რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ადამიანი, მოდის, იმაზე მოვხსნათ გამოცდა და თუ საზოგადოება თანხმდება, რომ მას განსაკუთრებული კომპეტენცია აქვს, ნუ ჩააბარებს გამოცდას და დანარჩენ ადამიანებს, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა დაიწყო, ელემენტარულად გამოცდა უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული,"- ამბობს მურუსიძე. 

კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. დასკვნაში კანონპროექტი გაკრიტიკებულია და ისეთი რეკომენდაციებია გაცემული, რომლის გათვალისწინებაც კანონპროექტის არსს აბსოლუტურად შეცვლის. 

ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია გასცემს, არამოსამართლე წევრებისათვის საკვალიფიკაციო გამოცდებს ეხება. ვენეციის კომისიისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩააბაროს გამოცდა კანდიდატმა, რომელსაც ისედაც მაღალი იურიდიული კვალიფიკაცია აქვს. 

აი, რას წერს კომისია დასკვნაში:

"უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ "სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს" შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელია".

კომენტარები