ეკა ბესელია

ბესელია: გვინახავს, როგორ მთავრდება, როცა ხალხის არ გესმის და ემსგავსები, ვისაც ვებრძოდით

ეკა ბესელია
პარლამენტი

ეკა ბესელია მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" 13 აპრილის შეკრებას და ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კომენტარს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. 

ბესელიამ თქვა, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების განწყობებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. 

"რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ჩემთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომელიც შეიკრიბა 13 აპრილს და რომელსაც, ირაკლი კობახიძე თავს უფლებას აძლევს და ციფრებში ზომავს მათ რეიტინგს, იქ არიან მმართველი პარტიის ყოფილი ამომრჩევლებიც, გაბრაზებულები, რომლები ძალიან წუხან მართლმსაჯულების საკითხებზე. და მათ ჰქოდნათ ეს განწყობა, რაც მე მგონია, რომ გასაგებად ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უნდა იყოს ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, უნდა გაიგონოს მათი ხმა - იქ ითქვა, რომ არ მოსწონთ ის დამოკიდებულება, რაც ხდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით. და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საზოგადოების განწყობას, თორემ გვინახავს ამ ქვეყანაში, ვისაც ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, როგორ მთავრდება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სვლა, როგორ მთავრდება, როცა არ გესმის შენი ხალხის განწყობის და ემსგავსები იმ ხელისუფლებას, რომელთან ბრძოლას ჩვენ ძალიან ბევრი წელი შევალიეთ", - თქვა ბესელიამ, რომელმაც მმართველი გუნდი რამდენიმე კვირის წინ, დაპირისპირების შედეგად დატოვა. მიზეზი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გახდა. 

ირაკლი კობახიძემ 15 აპრილს თქვა, რომ "დაიცავი საქართველო" "3%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს" და რომ "ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში".

მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაცია ფილარმონიაში 13 აპრილს შედგა. მისი ლიდერი დავით მაღრაძეა

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებმაც ქართული ოცნება რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს დატოვეს - ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარლამენტიდანაც - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.

გარდა ამისა, "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მივიდნენ ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით უსუფაშვილი, მამუკა არეშიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები