გერმანია-რუსეთი

გერმანელი ულტრამემარჯვენე პარლამენტარი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს

SPIEGEL

საგამოძიებო ცენტრის მიერ მოპოვებულ დოკუმენტების საფუძველზე, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერატივა გერმანიისთვის და რუსეთის ფედერაციის საეჭვო კავშირი გამოვლინდა, რის მიხედვითაც გერმანელი პოლიტიკოსები გერმანიის პარლამენტში რუსეთის ინტერესებს გაატარებდნენ - დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ პარტიის ერთერთი წევრი და გერმანელი პარლამენტარი მარკუს ფრონმაინერი “სრულიად მართული იქნებოდა” რუსეთის მიერ, ხოლო ფრონმაინერი რუსეთს გერმანიის 2017 წლის საარჩევნო კამპანიაში დახმარებას სთხოვდა.

დოკუმენტები ლონდონში არსებულმა Dossier Centre-ის ორგანიზაციამ მოიპოვა, სადაც უცხოელ პოლიტიკოსებზე კრემლის გავლენას იკვლევენ. ორგანიზაცია ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა და პუტინის ოპონენტმა მიხაილ ხადარკოვსკმა დააარსა. მან რუსეთის ციხეში 10 წელი გაატარა.

დოკუმენტების საფუძველზე BBC-მ, გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel, გერმანულმა ტელევიზიამ ZDF და იტალიურმა გაზეთმა La Repubblica ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს.

მთავარი დოკუმენტი ერთგვარი სტრატეგიული ფურცელია, სადაც აღწერილია, რომ პარტიას საზოგადოებრივ აზრზე და ევროკავშირში ისეთ თემებზე, როგორიც არის რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, გავლენა უნდა ჰქონოდა.

დოკუმენტის ბოლოს კი - პარტიის ერთერთ კანდიდატ მარკუს ფრონმაიერზე ტელეგრამის ფორმატით წერია, რომ “გერმანიის პარლამენტში მისი არჩევის შანსი მაღალია… საჭიროა: საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა… შედეგი: ჩვენ გვეყოლება სრულიად მართული პარლამენტარი გერმანიის პარლამენტში”.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირში აქციების მოწყობა არის საჭირო მათ წინააღმდეგ, ვინც “რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეა”, სხვა აქციები უნდა იყოს “რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისთვის”. ასევე ვიგებთ, რომ 15 ულტრამემარჯვენე პარტია და ჯგუფები “საინფორმაციო პლატფორმაზე” უნდა შეეკრიბათ, მათ შორის იყვნენ  - იტალიის პოპულისტური პარტიები ჩრდილოეთის ლიგა და ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა; საფრანგეთის ეროვნული ფრონტი; ბრიტანეთის ეროვნული პარტია; გერმანიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის, ნეონაცისტური ეროვნულ-დემოკრატუიული პარტია და ისლამოფობიური პარტია ‘PEGIDA’.

მეილი რუსეთის  ყოფილმა პარლამენტარმა და საზღვაო კონტრდაზვერვის ოფიცერმა პიტერ პრემიაკმა გააგზავნა. მან დაადასტურა მეილის გაგზავნა, თუმცა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ავტორი თავად არ იყო. მისი ინფორმაციით, პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა სერგეი სოკოლოვი იყო მიმღები.

მეორე დოკუმენტი ფრონმაიერის სახელით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2017 წლის აპრილში გაეგზავნა.  

“საარჩევნო კამპანიისთვის მხარდაჭერა გვჭირდება… მატერიალური მხარდაჭერის გარდა, მედია მხარდაჭერაც არის საჭირო… ნებისმიერი ტიპის ინტერვიუ თუ რუსულ მედიაში გამოჩენის შესაძლებლობა დაგვეხმარება” - აღნიშნულია დოკუმენტში.

უცნობია ფრონმაიერმა მიიღო თუ არა მატერიალური დახმარება თავისი კამპანიისთვის.

ფრონმაიერმა თქვა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა Dossier Centre-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე.

გერმანელი პარლამენტარი მარკუს ფრონმაიერი გერმანიის პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის წევრია. არჩევნებზე პარტიამ 12.6% აიღო და გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემდეგ ყველაზე დიდი პარტია გახდა. გერმანიაში ბიუქენბერგში, სადაც მოსახლეობის 45% რუსი გერმანელია პარტიას ამომრჩეველთა 36.9%-მა დაუჭირა მხარი.

2017 წლის აპრილში ფრონმაიერი საპარლამენტო არჩევნებში ერთერთი კანდიდატი იყო, რომელიც სექტემბერში პარლამენტში შევიდა. კამპანიის მიმდინარეობისას ფრონმაიერი რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობის დამყარებაზე ამახვილებდა ყურადღებას, ის ასევე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სანქციების მოხსნა, რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ევროკავშირის ჩარევის შეწყვეტა.

ფრონმაიერი არაერთხელ ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ “ყირიმი ახლა რუსულია… ეს არ შეიცვლება და ხალხი ამას უნდა შეეგუოს”.

შეგახსენებთ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიის ერთ-ერთი წევრი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და განაცხადა რომ პარტია წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის მთავრობისთვის, არამედ გერმანიის მთავრობისთვისაც და რომ რუსეთთან გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირი გერმანელი ხალხის ინტერესებშია. პარტიის ახალგაზრდული ფრთა განიხილავდა ალიანსის ჩამოყალიბებას პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობასთან.

ჟურნალისტური გამოძიება კიდევ ერთ ულტრამემარჯვენე პარტიის რუსეთთან კავშირზე წერდა. თებერვალში იტალიური გაზეთის L’Espresso-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით 2018 წლის ოქტომბერში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინი და მისი თანაშემწის ჯანლუკა სავოინის რუსეთში ვიზიტისას სალვინის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გარიგება შესთავაზეს.

8 აპრილს მილანში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და “ჩრდილოეთის ლიგის” პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ ევროპის რადიკალ მემარჯვენეთა პარტიებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი 2019 წლის მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ულტრამემარჯვენე, პოპულისტური ალიანსის შექმნა იყო. შეხვედრას გერმანიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარტიის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა.

კომენტარები