ფსიქიკური ჯანმრთელობა

ოპრა უინფრი და პრინცი ჰარი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სატელევიზიო სერიებზე მუშაობენ

ოპრა უინფრი / პრინცი ჰარი
Getty Images

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი სატელევიზიო სერიებზე მუშაობენ, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეეხება.

რამდენიმე ნაწილიანი დოკუმენტური სერიები Apple-ის ახალ სატელევიზიო პლატფორმაზე 2020 წლიდან გავა. პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი მისი თანაავტორები და პროდიუსერები არიან.

სერიების მიზანი იქნება მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის და იმ მეთოდების შესახებ.

"მე გულწრფელად მწამს, რომ კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა ძლიერი ლიდერობის, პროდუქტიული საზოგადოების და მოტივირებულობისათვის გადამწყვეტი მნიშნველობისაა... ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ფაქტები სწორად გადმოვცეთ იმ მეცნიერების შესახებ და იმ თემაზე, რომელიც ახლა ძალიან რელევანტურია. იმედი გვაქვს, რომ ეს სერიები პოზიტიური და საგანმანათლებლო იქნება და გაგვიზიარებს ისტორიებს მთელი მსოფლიოდან, თუ როგორ ებრძვის ადამიანის სული ყველაზე ბნელ ადგილებს და შესაძლებლობას მოგვცემს უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს ჩვენს გარშემო." თქვა პრინცმა ჰარიმ.

ოპრა უინფრის თქმით როდესაც პრინც ჰარის ესაუბრებოდა ჰკითხა, რა მიაჩნდა მას ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად, რაც ჩვენს წინაშე დგას:

"მან ორი დაასახელა - კლიმატის ცვლილება და ფსიქიკური ჯანმრთელობა."

ამის შემდეგ უინფრიმ მას სერიების შესახებ მოუყვა და ჰარიმ დაინტერესება და მონაწილეობის სურვილი გამოხატა.

"იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს სტიგმის შემცირებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს გაიგონ, რომ მარტო არ არიან, ილაპარაკონ ამაზე და ამოიცნონ ეს საკუთარ თავში თუ მეგობრებში." თქვა ოპრამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრინცი ჰარი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე კამპანიაშია ჩართული. 2017 წელს მან და მისმა ძმამ პრინცმა უილიამმა დაიწყეს საქველმოქმედო კამპანია "Heads Together", რომელიც ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს ეხმარება და სტიგმას ებრძვის.

კომენტარები