აშშ-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი აშშ-სთან მოლაპარაკებებს განაახლებს თუ აშშ-ს "სწორი დამოკიდებულება" ექნება

Vox

ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის თქმით, ის დონალდ ტრამპთან მესამე სამიტის გასამართად მზად არის, თუ ამერიკას "სწორი დამოკიდებულება" ექნება.

"თუ აშშ მესამე სამიტს შემოგვთავაზებს სწორი დამოკიდებულებითა და ორივე მხარისთვის მისაღები წესებით - ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვცადოთ", - აღნიშნა დიქტატორმა.

მან თქვა, რომ აშშ-მ მოლაპარაკების "მტრული" ტაქტიკა უნდა დაივიწყოს - "აშშ ცდება თუ ჰგონია, რომ ჩვენზე წნეხის მაქსიმალურად გაზრდით დაგვიმორჩილებენ... თუ აშშ ამჟამინდელ გზას გააგრძელებს, პრობლემის გადაჭრა იქნება ბნელი და ძალიან სახიფათო".

დიქტატორმა აშშ-ს სამიტის შესახებ "გამბედავი გადაწყვეტილების" მისაღებად წლის ბოლომდე მისცა ვადა.

"თუმცა ისეთი შესაძლებლობა, რაც გასულ შეხვედრაზე ჰქონდათ - რთული მისაღწევი იქნება", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი 27-28 თებერვალს გაიმართა. მათ ნახევარკუნძულის განიარაღებისთვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებიც დაუწესდეს.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტის უშედეგოდ დასრულების შემდეგ მალევე გავრცელდა სატელიტური სურათები, რომელთა მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ბაზაზე, რომლის გაუქმების პირობაც დადო, მუშაობა განაახლა. ცნობას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურიც ადასტურებს.

 

კომენტარები