ისრაელი

ეგზიტპოლების მიხედვით ისრაელის არჩევნებში აშკარა გამარჯვება ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა

ბენი განცი / ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

დღეს ისრაელში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით აშკარა გამარჯვების მოპოვებას ვერც ერთი პარტია ახერხებს.

ამის მიუხედავად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა ოპონენტმა, ბენი განცმა თქვეს, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს.

"ჩვენ გავიმარჯვეთ! ისრაელის საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა! ამ არჩევნებს აშკარა გამარჯვებული და დამარცხებული ჰყავს!" ნათქვამია განცის ალიანსის განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"მემარჯვენე ბლოკმა ლიკუდის პარტიის ლიდერობით ტრიუმფი მოიპოვა. მადლობას ვუხდი ისრაელის მოქალაქეებს მხარდაჭერის გამოცხადებისათვის. მე დავიწყებ მემარჯვენე მთავრობის ჩამოყალიბებას ჩვენს ბუნებრივ პარტნიორებთან ერთად დღეს ღამითვე!"

სხვადასხვა ეგზიტპოლის მიხედვით ცენტრისტულმა ალიანსმა "ლურჯი და თეთრი", რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ბენი განცი ლიდერობს ქნესეთში 36 ან 37 ადგილი მოიპოვა, ხოლო პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ 33 ან 36.

ორი ეგზიტპოლის მიხედვით სამთავრობო ალიანსის შექმნის უფრო მაღალი ალბათობა ნეთანიაჰუს პარტიასთან დაკავშირებულ კიდევ ორ მემარჯვენე პარტიას აქვს, თუმცა მესამე ეგზიტპოლის მიხედვით სამთავრობო კოალიცია განცსა და მემარცხენე ცენტრისტულ პარტიებს შორის უფრო სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, 120 ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია. ქვეყანას მუდმივად კოალიციური მთავრობა მართავს.

კომენტარები