9 აპრილი

ბაქრაძე: 9 აპრილი გვახსენებს, თუ რას შეიძლება მივაღწიოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით

9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის გამორჩეული თარიღია. ტკივილს, რომელიც საბჭოთა იმპერიამ ჩვენს ქვეყანას მიაყენა, ქართულმა საზოგადოებამ 1989 წელს ერთიანობითა და სიამაყით უპასუხა. ამ ერთიანობამ მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი ერთდროულად ტკივილის და სიამაყის დღეა. ეს დღე ყოველთვის გვახსენებს თუ რას შეიძლება მივაღწიოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით. 9 აპრილის ღირებულებები დღეს საფრთხის ქვეშაა. დღეს ჩვენ სახეშეცვლილი საბჭოთა იმპერია გვებრძვის. პუტინის რუსეთი იმ სახელმწიფოს გაგრძელებაა, რომელსაც ასობით ათასი ქართველი დაუპირისპირდა 1989 წელს.

ბრძოლა 9 აპრილის იდეალებისთვის გრძელდება. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით პირნათელი 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე, როდესაც ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის, როდესაც საქართველო სრულად იქნება თავისუფალი რუსეთის გავლენისგან და იქნება ევროპული, დამოუკიდებელი და ღირსეული სახელმწიფო.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე 9 აპრილის შესახებ. 9 აპრილილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი გავიდა.

კომენტარები