საპენსიო რეფორმა

შენების მოძრაობა: უნდა მოხდეს საპენსიო რეფორმის კორექტირება და არა - ტორპედირება!

imedinews

დავით უსუფაშვილის პარტიის "შენების მოძრაობის" განცხადებით, საპენსიო რეფორმაზე გადასვლა არამხოლოდ დროული, დაგვიანებულიც კია. პარტიის განცხადებით, "ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებითა და ოპოზიციის ნაწილის პოპულისტური თავდასხმით" საპენსიო რეფორმას საფრთხე შეექმნა და ის შეიძლება, ჩავარდეს. 

"ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა გავზარდოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს რეფორმის კორექტირება და არა მისი ტორპედირება!" - აცხადებს უსუფაშვილის პარტია. 

პარტიის ცნობით, ის "მკაცრად ემიჯნება" ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური ძალის "უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და უალტერნატივო რეფორმის მიმართ". 

პარტია ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტს წარუდგენს, რომელიც დაგროვებითი საპენსიო რეფორმის, მათი აზრით, სწორად წარმართვას შეუწყობს ხელს. პარტია მიიჩნევს, რომ წარმატებული საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელია "შემცირდეს მოქალაქეებისა და კერძო დამსაქმებლების ფინანსური ტვირთი, გაიზარდოს სისტემის ეფექტიანობა, ამაღლდეს მოსახლეობის ნდობა რეფორმისადმი, უზრუნველყოფილი იქნას რეფორმის შეუქცევადობა სახელისუფლებო ცვლილების შემდეგაც კი". 

ამისათვის "შენების მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

"საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 18%-ის ოდენობით, რათა საპენსიო შენატანის ჩათვლით ფინანსური ტვირთი არ გასცდეს 20%-ს.

დასაქმებულების მიერ გადასახდელი საპენსიო შენატანი 2%-ის ოდენობით უნდა მოექცეს უკვე არსებული 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ფარგლებში. დამქირავებლებს მათ მიერ დაქირავებულთა საპენსიო ფონდში შეტანილი სახსრები აესახოთ ზედმეტად გადახდილ გადასახადებში და მიეცეთ შესაბამისი თანხის სხვა გადასახადში ჩათვლის საშუალება.

ამ ფორმით დამქირავებელსა და დაქირავებულს მოეხსნებათ დამატებითი ფინანსური ტვირთი საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის სახით.

მომზადდეს და განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სწრაფ განვითარებას, როგორც საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელ პარალელურ ღონისძიებას.

საპენსიო ფონდში მობილიზებულმა სახსრებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის შიდა დანაზოგებისა და შიდა საინვესტიციო რესურსის გაზრდაში. "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიღებული, ჯერ კიდევ 2007-2008 წლების საკანონმდებლო ცვლილებებით, შემდგომ კი ქართული ოცნების უმოქმედობით, მინიმუმამდეა დაყვანილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პოტენციალი. შექმნილი სიტუაცია სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებას, რადგან იგი წარმოადგენს საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას.

საპენსიო რეფორმას უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი! მნიშვნელოვანია, რომ მასში სრულად იყვნენ ინტეგრირებული არამარტო ოფიციალურად დასაქმებული პირები, არამედ - ყველა დასაქმებული მოქალაქე.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიკუთვნებული პირები და მათი შემოსავლების აღრიცხვიანობის საკითხი. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება თვითდასაქმებულთა ეტაპობრივი მოქცევა შემოსავლების აღრიცხვის სქემაში და შესაბამისად - საპენსიო სისტემაში.

ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც სავალდებულო საპენსიო სქემაში სრულყოფილ მონაწილეებად აქცევს კერძო საპენსიო-სადაზღვევო ინსტიტუციებს.

საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა.

მოქალაქეებს უნდა მიეცეთ, არჩევანის საშუალება სახელმწიფო საპენსიო ფონდსა და კერძო საპენსიო ინსტიტუციებს შორის. ამასთანავე, სახელმწიფომ საკუთარი საზედამხედველო-მარეგულირებელი ფუნქციით ამ კერძო ინსტიტუციების ფინანსური მდგრადობაც უნდა უზრუნველყოს.

ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეები უკეთ გაერკვნენ რეფორმის არსში!"

კომენტარები