ბოლშევიკური რეპრესიები

ხვადაგიანი: თუკი ეს ნამდვილად მსხვერპლთა ნაშთებია, მიმდებარე ზონა დეტალურადაა შესასწავლი

5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ბოლშევიკური რეპრესიებისას დახვრეტილ პირთა სამაროვანი აღმოაჩინეს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში ვკითხულობთ:

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა".

ეპარქია ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია მოპოვებულია "საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის "სრულიად არა საიდუმლოდ" ფურცლებზე 1997-99 წლებში".

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მთელ რიგ კითხვებს აჩენს: 

"საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სამარხების და ნაშთების იდენტიფიკაცია ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული, სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისათვის, რომლის პრეცენდენტები აქამდე ფაქტობრივად არ გვქონია.

თუმცა, ამ ინფორმაციასა და ქვემოთ მოყვანილ ფოტომასალების შეხედვისას შეუძლებელია არ გაჩნდეს მთელი რიგი კითხვები:

  • რომელი არქეოლოგიური ჯგუფი მუშაობდა გათხრებზე?
  • მოხდა თუ არა ნაშთების ფიქსაცია წესისამებრ?
  • ჩატარდა თუ არა ნაშთების ანალიზი? რა დასკვნები არსებობს? არის თუ არა დასკვნა ხელმისაწვდომი?
  • ჩატარდა თუ არა სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა? არსებობს თუ არა დასკვნა? რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზები? რამდენ მათგანს აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობები და სად? არის თუ არა ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებული?
  • შესწავლილია თუ არა გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტები (რამდენიმე ჩანს კიდევაც ფოტოებზე).
  • იყო თუ არა გათხრებზე და ნაშთების შესწავლაზე მიწვეული სპეციალისტები ვინც საბჭოთა რეპრესიების კვლევაზე მუშაობენ და ვინ კონკრეტულად?
  • იგეგმება თუ არა ტერიტორიის დამატებითი შესწავლა? რადგან აჭარაში 1921 წლიდან 1950-იანი წლების დასაწყისამდე რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საკმაოდ დიდია და თუკი ეს ნაშთები ნამდვილად მსხვერპლთა ნაშთებია, მიმდებარე ზონა დეტალურადაა შესასწავლი.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" 2012 წლიდან მოყოლებული მუშაობს მსგავსი ადგილების დაზუსტებაზე. მათ შორის აჭარაშიც მოგვეპოვება მიახლოებითი ორიენიტირები სად შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტის ადგილები, თუმცა აქ დასახელებული ზონა ჩვენი ინფორმაციის არეალში არ მოხვედრილა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ აღმოჩენას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, რადგან იმ დროის პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი ზონები ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის არარსებობის ფონზე, შეიძლება ეჭვს უფრო ამყარებდეს. კერძოდ:

ბათუმის მისადგომებთან გასული საუკუნის განმავლობაში ორჯერ იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები:

1918 წელს, როდესაც ოსმალთა არმიამ დაიკავა ბათუმი და 1921 წელს, როდესაც ქართული არმიის ნაწილებმა უკანასკნელი ბრძოლა გადაიხადეს და ბათუმიდან მძიმე ბრძოლების შემდეგ ქემალისტთა სამხედრო ნაწილები განდევნეს.

ამ ომებში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქში, თუმცა ომში დაღუპული მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების დაკრძალვა სახელდახელოდ ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონებში.

შესაბამისად, თუკი არ არსებობს ზემოხსენებული კრიმინალისტიკური და არქეოლოგიური ექსპერტიზა, ძნელი სათქმელია ვის კრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით - 1920-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთ აჭარიდან (მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ მუსლიმი იყო) თუ ოსმალეთის და მუსტაფა ქემალის არმიის ასკერებს?", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი. 

კომენტარები