ნარკოდანაშაული

შსს: ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე რუსეთის 3 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

"ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებსაქვეყნებდნენ. სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, "ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი "მდმა" და ნარკოტიკული საშუალება "ნორფენტანილი" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები