ზოგადი განათლების შესახებ კანონი

კომიტეტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა

pia.ge

პარლამენტის განათლების კომიტეტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა.

ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა. 

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, თქმით, ძალიან ხშირად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ განსაზღვრული მოთხოვნების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. 

"ძალიან ხშირად ჩვენ ზედმეტად მკაცრად ვუდგებით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც პირიქით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, პაქტები და ა.შ. საკმაოდ ვრცელ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს, რომ საკუთარი სუვერენული უფლება გამოიყენონ. ჩვენ ყოველთვის გვრჩება სივრცე დისკუსიის ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებით შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის ადაპტირებისა და ვთქვათ რატიფიცირების პროცესში,"- თქვა ჯაშმა სხდომაზე. 

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღების ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია იყვნენ. 

ერთერთი იმ 2 დეპუტატიდან, ვინც სიტყვის ამოღების წინააღმდეგ მისცა ხმა ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანია. რატიანის თქმით, ამ კანონის ძირითადი მიზანი ლიბერალური ღირებულებების ამოღებაა. 

"ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა იყო მე-19 საუკუნეშიც. დიახ, ილია ჭავჭავაძის ნათქვამია, რომ თქვენ ლიბერალიზმი გახადეთ სალანძღავ სიტყვად. ლიბერალიზმი არის თანამედროვე სამყაროს საფუძველი, რასაც თქვენ ამბობთ ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს. რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის ყველა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. პირდაპირ რომ დაგეწერათ, ილია ჭავჭავაძე და მისი მსოფლმხედველობა... ის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის თანამედროვე სამაყროს საწინააღმდეგო. თქვენ ახლა ჩვეულებრივი მე-19 საუკუნის რეტროგრადული, რუსული ნარატივი შემოგაქვთ,"- თქვა რატიანმა სხდომაზე. 

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები აქამდე შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:

"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეოების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა". 

შეცვლის შემთხვევაში კი მე-3 მუხლის ეს ნაწილი, შესაძლოა, შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული:

"ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება". 

იმის პარალელურად, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურს" იღებენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში ქართულ კანონმდებლობაში პირველად ჩაიწეროს სიტყვა "სამშობლო". 

კომენტარები