ზოგადი განათლების შესახებ კანონი

კანონიდან "ლიბერალურის" ამოღების ინიციატორი: კონვენციაში არ წერია და დარღვევა არ ყოფილიყო

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღების ერთერთი ინიციატორი, ქართული ოცნების დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთან ერთად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილიცაა. 

ტაბულა დაუკავშირდა გენადი მარგველაშვილს კითხვით, თუ კონკრეტულად რაში არ ეთანხმება წმინდა ილია მართალს და რატომ გადაწყვიტა, რომ კანონიდან სიტყვა "ლიბერალური" უნდა ამოეღო. 

მარგველაშვილი ამბობს, რომ მას სურს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონი აბსოლუტურ შესაბამისობაში იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან, სადაც სიტყვა "ლიბერალური", მისი თქმით, არსად წერია. 

"წმინდა ილია მართალს ყველაფერში ვეთანხმები აბსოლუტურად. მე ლიბერალობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ლიბერალობასთან დაკავშირებით არაფერი არ არის ნათქვამი ბავშვთა დაცვის კონვენციაში. აქ ამ შემთხვევაში პირიქით არ ვარღვევდეთ ჩვენ, რომ ის არ წერია და აქეთ გადმოვიტანოთ. თუმცა, ამაზედაც გეტყვით, რომ მსჯელობები არ არის ჯერ შეჯერებული ბოლომდე და ასე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ლიბერალობის წინააღმდეგ არაფერი მაქვს და კანონპროექტის ავტორების მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან და რადგან არ წერია თვითონ ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში არსად სიტყვა "ლიბერალი" და "ლიბერალობა", შესაბამისად, პირიქით დარღვევა არ ყოფილიყო ეს,"- ამბობს გენადი მარგველაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

მისივე განმარტებით, კანონში სიტყვა "ლიბერალური", შესაძლოა, არღვევდეს ამავე კანონის ეროვნული სასწავლო გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში გაკეთებულ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ სკოლა აპოლიტიკური უნდა იყოს. 

"თუ ლიბერალობა 1/17-ით ან მეტით შეიცავს რაღაც პოლიტიკურ იერსახეს, პოლიტიკურ წინაპირობას, მაშინ გამოდის, რომ კანონი თავის თავს ეწინააღმდეგება,"- განმარტავს გენადი მარგველაშვილი. 

ტაბულას ჟურნალისტმა ქართული ოცნების დეპუტატს წაუკითხა ციტატა მე-3 მუხლის ახალ რედაქციიდან და ჰკითხა, იყო თუ არა გამოყენებული იქ დაწერილი ყველა სიტყვა ბავშვთა უფლებების კონვენციაში. 

"ლიბერალობის გამო კი არაა ეს ცვლილება, არამედ ძირითად ეროვნულ საკითხებთან რაც არის დაკავშირებული, იმის გამო შემოვიტანეთ ეს და ამ სიტყვასთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო რედაქცია როგორიც იქნება, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ჩვენ, ხო შეიძლება?,"- გვიპასუხა მარგველაშვილმა. 

1 აპრილს პარლამენტის განათლების კომიტეტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა. 

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები აქამდე შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:

"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეოების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა". 

შეცვლის შემთხვევაში კი მე-3 მუხლის ეს ნაწილი, შესაძლოა, შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული:

"ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება". 

იმის პარალელურად, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურს" იღებენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში ქართულ კანონმდებლობაში პირველად ჩაიწეროს სიტყვა "სამშობლო". 

კომენტარები