უბედურიშემთხვევა

ტრანსმშენი: ადგილზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, უსაფრთხოება ქვეკონტრაქტორ კომპანიას უნდა დაეცვა

კომპანია “ტრანსმშენი", რომელიც ჭავჭავაძის #5-ში კლინიკას აშენებს, მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს.

"მას გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში. ქვეკონტრაქტორი კომპანია გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - აცხადებს კომპანია. 

“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე, სადაც წუხელ ორი მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. საბოლოო დასკვნა ინსპექტირების პროცესის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

"თუ გამოვლინდება უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს და იქნება, როგორც მტკიცებულება, რაზეც მოხდება დაყრდნობა სისხლის სამართლის მიმართულებით, უსაფრთხოების სტანდარტები იყო თუ არ იყო დაცული.

თუ ფინანსურ ტვირთზე გვაქვს საუბარი, ყველაზე დიდი ტვირთი კომპანიისთვის არის, როცა მას საქმიანობას უჩერებ. ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს, ჯარიმა განსაზღვრულია 100-დან 50 000 ლარამდე. როცა დასრულდება ინსპექტირების პროცესი, გვექნება იმაზე მსჯელობის საფუძველი, დარღვევების მიხედვით, რამდენი განისაზღვრება ჯარიმა" - თქვა ფერაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქცია - “დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” გაიმართება. მოქალაქეები შრომის უსაფრთხოებას მოითხოვენ.

კომენტარები