საბანკო რეგულაციები

ქობულია სესხების რეგულაციებზე: შესაძლოა დაკორექტირდეს, მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ სესხების რეგულაციებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები პრინციპულად სწორი იყო. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა რეგულაციებში გარკვეული კორქტირებები შეიტანონ. ქობულია ამბობს, რომ სასესხო რეგულაციები მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს.

„მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით. მიგვაჩნია, რომ რაც გაკეთდა, ეს პრინციპულად სწორია და სწორი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ ამ მიმართულებების შიგნით, რა თქმა უნდა, გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ისე ბანკებთან. დღესდღეობით, განვიხილავთ იმ მცირე დარეგულირების საშუალებებს, რაც მოგვცემს უფრო ოპტიმალურ შედეგს ამ საბანკო რეგულაციების“, –თქვა გიორგი ქობულიამ.

ქობულია ამბობს, რომ საუბარი შეიძლება იყოს კოეფიციენტების კორექტირებაზე, თუმცა მიმართულების თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება.

„რაც შეეხება მექანიზმებს, აქ არის საუბარი ვთქვათ, განსაზღვრული კოეფიციენტების დაკორექტირებაზე და ა. შ. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც თავიდანვე იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ასე ხდება. როდესაც შემოგვაქვს რეგულაციები, შემდეგ ვაკვირდებით და არ არის არაფერი უცნაური, რომ შესაძლოა, რაღაც კორექტივები შევიტანოთ. თუმცა, მიმართულების თვალსაზრისით არაფერს ვცვლით“, – თქვა ქობულიამ.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

კომენტარები