9 აპრილი

"ქვეყნის სიძლიერე მამაკაცია" - სიმღერას "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ კაცები შეასრულებენ

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსია ჩაიწერება. თუმცა, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, სიმღერას "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ კაცები შეასრულებენ. ახალი ჩანაწერი პირველი არხის ეთერში გავა.

სეფიაშვილი პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის დამცველი მამაკაცია და ამიტომ, ამ სიმღერას 25 მამაკაცი იმღერებს.

"ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას", - ამბობს სეფიაშვილი.

მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი კომპოზიცია, "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 1989 წლის 9 აპრილის ერთგვარი ჰიმნია. პირვანდელ ვერსიაში მას ქართველი ქალი და კაცი მომღერლები ასრულებენ.

1989 წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს შორის ბევრი ქალი იყო. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა უმეტესობაც ქალია.

ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

  • აზა ადამია, 22 წლის
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის

ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 9 აპრილს, 15:00 საათზე მოქალაქეები პირველ არხთან აქციას გამართავენ. ისინი ტელეკომპანია მოუწოდებენ, ეთერში არ გაუშვას სიმღერის ახალი ვერსია, სადაც ქალი შემსრულებლები არ არიან.

"მოვუწოდებთ პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია! მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა!

მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი!", - წერია აქციის ანონსში.

კომენტარები