თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სატრანსპორტო კომპანია: მეტრო გოცირიძესთან მდებარე ხიდი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურ გოცირიძესთან მდებარე ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომპანია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მეტროსადგურ გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია და საფრთხეს შეიცავს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია აღნიშნავს, რომ ხიდს ექსპერტიზა ჩაუტარდა და შედეგები მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

"ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის აღნიშნულ დოკუმენტს", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას იწყებს, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჟები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები