კოსმოსი

აშშ ინდოეთს ანტი-სატელიტური იარაღის გამოცდის შემდეგ ორბიტაზე ნარჩენების გამო აკრიტიკებს

AFP

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანის თქმით ინდოეთის მიერ ანტი-სატელიტური იარაღის გამოცდამ შესაძლოა კოსმოსში ნარჩენების დაგროვება გამოიწვიოს, რაც შემდეგ სხვა სატელიტებს საფრთხეს შეუქმნის.

"ჩემი გზავნილი ეს იქნება: ჩვენ ყველა კოსმოსში ვცხოვრობთ, ნუ ვაქცევთ მას ნაგავსაყრელად. კოსმოსი უნდა იყოს ადგილი, სადაც ბიზნესს ვაწარმოებთ. კოსმოსი არის ადგილი, სადაც ადამიანებს მოქმედების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ." უთხრა მან ჟურნალისტებს.

ინდოეთმა ანტი-სატელიტური რაკეტა გუშინ გამოსცადა და პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის თქმით ის წარმატებით დასრულდა.

დელიში ამბობენ, რომ გამოცდა დედამიწის ორბიტის ქვედა შრეში ჩაატარეს, რათა ნარჩენები მომდევნო დღეებში ატმოსფეროში დამწვარიყო.

მსგავსი გამოცდების შემდეგ ორბიტაზე გაბნეული ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სატელიტებისა და მისიების მოქმედებას. დაჯახების შედეგად მათ შესაძლოა მისიისათვის კასატსროფული შედეგი მოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდა ორბიტის ქვედა ნაწილზე, ზედაპირიდან 300 კილომეტრის სიმაღლეზე ჩატარდა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დანამდვილებით იმის თქმა, რომ ნარჩენები ატმოსფეროში დაიწვება შეუძლებელია. ამჟამად აშშ გამოცდის შედეგად წარმოქმნილ 250-ზე მეტ ნარჩენს აკვირდება.

მსგავსი შეშფოთება მოჰყვა 2007 წელს ჩინეთის მიერ ჩატარებულ გამოცდასაც. მათ გამოცდა 865 კილომეტრის სიმაღლეზე ჩაატარეს, რის გამოც ორბიტაზე ნარჩენების დიდი გროვა გაჩნდა.

გამოცდა გააკრიტიკა ინდოეთის ოპოზიციამაც. მოდის ოპონენტები ამბობენ, რომ ამით ის არჩევნებში მხარდამჭერების მოპოვებას ცდილობს.

გარდა ნარჩენების მიერ შექმნილი საფრთხისა, მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტექნოლოგიის განვითარება და ფართოდ გავრცელება (ამ დრომდე მსგავსი იარაღი აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა გამოცადა), კოსმოსის გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს.

კომენტარები