კოსმოსი

ისტორიაში პირველად კოსმოსში ხის თანამგზავრი გაუშვეს

STR/JIJI PRESS/AFP

5 ნოემბერს მსოფლიოში პირველი, იაპონიაში შექმნილი ხის თანამგზავრი კოსმოსში გაუშვეს.

თანამგზავრი LignoSat კიოტოს უნივერსიტეტისა და სამშენებლო კომპანია Sumitomo Forestry-ის მეცნიერებმა შექმნეს. მისი სახელი ლათინური სიტყვა lignum-დან მომდინარეობს, რაც "ხის" ნიშნავს. თანამგზავრი ხრახნებისა და წებოს გარეშე დიდი ფოთლოვანი მაგნოლიისგან დაამზადეს, რომელიც იაპონიაში იზრდება.

LignoSat-ის ერთ-ერთი მთავარი მისიაა აჩვენოს განახლებადი მასალის კოსმოსში გამოყენების პოტენციალი.

მისიის ფარგლებში თანამგზავრი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს SpaceX-ის გადაეცემა. შემდეგ მას ორბიტაზე, დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლეზე გაუშვებენ.

LignoSat იაპონელი მეცნიერების 50 წლიანი გეგმის - მთვარეზე და მარსზე ხეების დარგვისა და ხის სახლების აშენების გზაზე პირველი ნაბიჯია. ამისთვის, თავდაპირველად, საჭიროა დამტკიცდეს, რომ ხე ვარგისია კოსმოსში გამოსაყენებლად.

"1900-იანი წლების დასაწყისში თვითმფრინავები ხისგან მზადდებოდა. ხის თანამგზავრიც საკმაოდ შესაფერისი უნდა იყოს". - ამბობს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი კოჯი მურატა.

პროფესორის თქმით, ხე კოსმოსში უფრო გამძლეც იქნება, ვიდრე დედამიწაზე, რადგან კოსმოსში არ არის არც წყალი და არც ჟანგბადი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხის გაფუჭება ან ცეცხლის გაჩენა.

გეგმის მიხედვით, LignoSat ორბიტაზე 6 თვე გაჩერდება. ბორტზე არსებულ ელექტრონულ კომპონენტებს გაზომავენ იმის გასაგებად, თუ როგორ უძლებს ხე კოსმოსის ექსტრემალურ პირობებს.

LignoSat-მა ასევე უნდა გაზომოს ხის ნახევარგამტარებზე კოსმოსური გამოსხივების ეფექტის შემცირების უნარი.

კომენტარები