კოსმოსი

საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე უკონტროლოდ, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში ჩამოვარდება

დედამიწა
NicoElNino/Getty Images/iStockphoto

საბჭოთა ეპოქის კოსმოსური აპარატი, რომელიც ვენერაზე 1970-იან წლებში უნდა დამჯდარიყო, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში უკონტროლოდ ჩამოვარდება დედამიწაზე.

ექსპერტები, რომლებიც კოსმოსურ ნარჩენებს ადევნებენ თვალს, ამბობენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია გამოცნობა, თუ სად დაეცემა მეტალის ნახევარტონიანი მასა ან მისი რა ნაწილი გადაურჩება ატმოსფეროში შემოსვლას.

The Guardian-ს საკუთარი ვარაუდი ნიდერლანდელმა მეცნიერმა მარკო ლანბრუკმა გაუზიარა, რომლის მიხედვითაც კოსმოსური აპარატი დაახლოებით 10 მაისს შემოვა დედამიწის ატმოსფეროში. მისივე გამოთვლებით, აპარატის ვარდნის სიჩქარე დაახლოებით 240 კმ/სთ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მეტალის მასა ვარდნისას არ დაიშლება. 

"მიუხედავად იმისა, რომ რისკი მაინც არსებობს, ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ". - უთხრა ლანბრუკმა გამოცემას. 

ნიდერლანდელი მეცნიერის თქმით, ობიექტი შედარებით მცირე ზომისაა და ვარდნისას ნაწილებად რომც არ დაიშალოს, "იმავე რისკს წარმოადგენს, როგორსაც ჩვეულებრივი მეტეორიტის ჩამოვარდა, რაც ყოველ წელს რამდენჯერმე ხდება. უფრო დიდი რისკი არსებობს, რომ ოდესმე მეხი დაგეცეს". 

როგორც ლანბრუკმა გამოცემასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, ალბათობა იმისა, რომ კოსმოსური აპარატი ვინმეს ან რაიმეს დაეცეს, მცირეა, "თუმცა არა სრულად გამორიცხული". 

აპარატი შესაძლოა, დედამიწის ზედაპირის ნებისმიერ წერტილში ჩამოვარდეს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის 51.7-გრადუსიან განედებს შორის მდებარეობს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული, ლანბრუკის თქმით, "დიდი შანსია, რომ ის მართლაც რომელიმე ოკეანეში ჩავარდება". 

საბჭოთა კავშირმა Kosmos 482-ის სახელით ცნობილი აპარატი კოსმოსში 1972 წელს ვენერის მისიების ფარგლებში გაუშვა, თუმცაღა აპარატი გაუმართაობის გამო დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა. 

აპარატს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაწილი ჩამოსცილდა, თუმცა როგორც ლანბრუკი და სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, თავად კაფსულა – დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის მქონე სფერული ობიექტი – ამ დროის განმავლობაში დედამიწის გარშემო მეტად ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობდა, ხოლო მისი დაშორება დედამიწის ზედაპირიდან თანდათანობით მცირდებოდა. 

ლანბრუკის თქმით, მეტად სავარაუდოა, რომ მეტალის თითქმის 500-კილოგრამიანი მასა ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩება, ვინაიდან ის სპეციალურად გამძლე მასალით შექმნეს, რათა ვენერის  ნახშირორჟანგით მდიდარი ატმოსფეროსთვის გაეძლო. 

ექსპერტები ეჭვობენ, რომ საპარაშუტო სისტემა ამდენი წლის შემდეგ კვლავ იმუშავებს. ასევე შეიძლება იყოს დაზიანებული თერმული ფარიც. 

კომენტარები