კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები

ლიტვამ სსრკ-ს ბოლო თავდაცვის მინისტრი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ბრალდებულად ცნო

27 მარტს ლიტვის სასამართლომ საბჭოთა კავშირის ბოლო თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი იაზოვს, 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. 

სასამართლომ იაზოვი დამნაშავედ ცნო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. იაზოვი ერთერთი ორგანიზატორი იყო ვილნიუსში 1991 წლის იანვარში ტელეცენტრზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც საბჭოთა ჯარებმა ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრე 15 ადამიანი იმსხვერპლეს, 900 კი დაიჭრა. სასამართლომ ბრალდებები სულ 67 ადამიანის წინააღმდეგ გამოიტანა. 

დიმიტრი იაზოვი საბჭოთა კავშირის ბოლო თავდაცვის მინისტრი იყო. ის 1924 წელს დაიბადა და 1942 წლიდან მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, რა დროსაც 2-ჯერ დაიჭრა და წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ის კუბაზე გაუშვეს, რათა კომუნისტური რეჟიმი დაეცვა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები იქ ჯარს გადასხამდნენ. ავღანეთის ომის პირველ წლებში ის შუა აზიურ ჯარებს ხელმძღვანელობდა. ე.წ "პერესტროიკის" დროს ის საბჭოთა კავშირის საომარი უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 1990 წელს პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა, მას საბჭოთა კავშირის მარშალის წოდება მიანიჭა. 

რა მოხდა ლიტვაში 1991 წლის დასაწყისში?

1980-იანი წლების მიწურულს ლიტვის ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელსაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა სურდა. ლიტვაში, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ეს მოძრაობა ყველაზე ადრე დაიწყო. უკვე 1989 წლის მაისში ლიტვის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი ლიტვაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდოდა ძალაში, რაც მას ადგილობრივი პარლამენტი განიხილავდა. 1990 წლის 11 მარტს ხელახლა არჩეულმა უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური აქტი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომლის თანახმადაც, 1940 წელს განხორციელებული საბჭოთა ოკუპაცია უკანონოდ გამოცხადდა და თანამედროვე ლიტვამ 1920-30 წლებში არსებული სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი. 

არც საბჭოთა ხელმძღვანელობამ და არც საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინ ლიტვის დამოუკიდებლობა არ ცნო. მოსკოვმა უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ეკონომიკური ბლოკადით უპასუხა. ლიტვაში ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბევრი პროდუქტი დეფიციტში შევიდა. 1990 წლის ივლისში მოსკოვსა და ვილნიუსს შორის მოლაპარაკებები შედგა, რომლის მიხედვითაც, ლიტვამ სამართლებრივი აქტი დროებით შეაჩერა, ხოლო მოსკოვმა, თავის მხრივ, რესპუბლიკას ეკონომიკური ბლოკადა მოუხსნა. თუმცა, წლის მიწურულს მოლაპარაკებები ჩავარდა და ლიტვამ აქტი ხელახლა ქმედითად გამოაცხადა. 

რამდენიმე დღის შემდეგ, 1991 წლის იანვრის დასაწყისში ლიტვის ხელისუფლებამ იმედი ჰქონდა, რომ პროდუქტიულ დეფიციტს გაუმკლავდებოდნენ. ამის შემდეგ პროსაბჭოთა ძალები მიტინგზე გავიდნენ და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. მიტინგის მონაწილეების უმეტესობა რუსები, კომპარტიის აქტივისტები და საბჭოთა კავშირს დაქვემდებარებული მსხვილი უწყებების თანამშრომლები იყვნენ. 

11 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა ყველა "ანტიკონსტიტუციური აქტის" გაუქმება მოითხოვა, საბჭოთა კავშირის ჯარის ნაწილებმა ლიტვის სახელისუფლებო შენობის დაკავება დაიწყეს. 

მაშინ ადგილობრივი კომპარტიის ხელმძღვანელებმა "ეროვნული გადარჩენის კომიტეტი" შექმნეს, რომელსაც უზენაესი საბჭო უნდა შეეცვალა. ლიტვის მაშინდელი ხელისუფლება მოსკოვის მხრიდან მსგავსი ქმედებებისთვის მზად არ იყო. 

13 იანვრის ღამით სამხედროები ვილნიუსის ტელეცენტრის შტურმით აღებას შეეცადნენ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომხრეები იცავდნენ. 14 ადამიანი ამ შეტაკებას ემსხვერპლა, კიდევ ერთი ინფარქტით გარდაიცვალა, ხოლო 900-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიტვის ისტორიაში ეს მოვლენა "სისხლიან კვირად" შევიდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გადალახვა. ითვლება, რომ ვილნიუსში ადამიანების სიკვდილმა გორბაჩოვის ავტორიტეტს მძიმედ დაარტყა ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. გაზეთ "Московские новости"-ის რედაქციამ მთელი შემადგენლობით დატოვა კომპარტია და ლიტვის მოვლენებს "რეჟიმის დანაშაული" უწოდა. 

რაში ადანაშაულებენ მარშალ იაზოვს? 

ლიტვის სასამართლომ დიმიტრი იაზოვი სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ცნო ბრალდებულად. ის ლიტვაში ჩატარებული საომარი მოქმედებების მთავარ ორგანიზატორად ითვლება.

ტელეცენტრზე შტურმის მიტანის მომდევნო დღეს ვილნიუსში სწორედ იაზოვი იძლევდა განმარტებებს და ამბობდა, რომ საბჭოთა ჯარების მეთაური სწორად იქცეოდა. თავის გამოცემულ მემუარებში იაზოვი საერთოდ არ ეხება საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს და, შესაბამისად, არც ვილნიუსის მოვლენებს განიხილავს. 

ერთერთი მთავარი კითხვა, რომელიც ლიტვაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას ეხება არის ის, თუ რა როლი ჰქონდა გორბაჩოვს. შეეძლოთ, თუ არა სამხედრო ჩინოვნიკებს ამდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მისგან დამოუკიდებლად? გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ ძალის გამოყენების გეგმები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. თუმცა, ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ არცერთი სამხედრო ჩინოვნიკი ამ მოვლენის შემდეგ გორბაჩოვს არ გაუთავისუფლებია თანამდებობიდან, თებერვალში კი პუგომ და იაზოვმა გორბაჩოვთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეების მასობრივი გამოსვლების" წინააღმდეგ ქმედებები უნდა გამკაცრებულიყო. 

რუსეთში გავრცელებული პოპულარული ვერსიის თანახმად, ვილნიუსში ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა საბჭოთა სამხედროებს, არამედ ლიტველ სეპარატისტებს. ამ ვერსიის თანახმად, სწორედ მათ გაუხსნეს სნაიპერის ცეცხლი შეუიარაღებელ ადამიანებს. 

რატომ გაასამართლეს იაზოვი თითქმის 30 წლის შემდეგ? 

13 იანვრის მოვლენების გამოძიება ლიტვაში ჯერ კიდევ 1991 წელს დასრულდა, თუმცა საქმე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიდიოდა სასამართლომდე, რისი მიზეზიც მათ შორის ის იყო, რომ ბრალდებულების დიდი ნაწილი, მათ შორის იაზოვიც, ლიტვის მიღმა იყვნენ. ლიტვის ხელისუფლებამ რუსეთს, ბელორუსიასა და გერმანიას დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა მათგან უარყოფითი პასუხები მიიღეს. 1998 წელს ლიტვაში კომპარტიის ყოფილი ლიდერები გაასამართლეს, რომლებიც ლიტვაში ცხოვრობდნენ.

2010 წელს ლიტვამ ბრალდებების მუხლები გადააკვალიფიცირა "მშვიდობიანი მოსახლეობისადმი აგრესიისა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობიდან" "სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე". ამან ასეთი საქმეების სასამართლოში განხილვის პროცესი დააჩქარა. ლიტვის კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად შეიძლება მიმდინარეობდეს. 

ბრალდებების გადაკვალიფიცირება ლიტვის ხელისუფლებას ვერ დაეხმარა იმაში, რომ უცხო ქვეყნების დახმარება მიეღო. 2011 წელს ვენაში ერთერთი ბრალდებული, ჯგუფ "ალფას" ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ გოლოვატოვი დააკავეს. ავსტრიულმა ხელისუფლებამ ის მალევე გაათავისუფლა, რის შემდეგაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ავსტრიიდან საელჩოები გამოითხოვეს. 

სასამართლო დავა მხოლოდ 2016 წელს დაიწყო. ბრალდებები 65 ადამიანს წარუდგინეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიუჩკოვი, პუგო და 1991 წლის 13 იანვრის მოვლენის კიდევ ბევრი მთავარი შემოქმედი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ბრალდებულების სკამზე მხოლოდ ორი ადამიანი გამოჩნდა - ყოფილი საბჭოთა ოფიცრები და რუსეთის მოქალაქეები, იური მელი და გენადი ივანოვი. ივანოვის მტკიცებით, ის ტელეცენტრზე შტურმში არ მონაწილეობდა, ხოლო თავის სამხედრო დანაყოფში მხოლოდ იარაღის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. დანაშაულს არ აღიარებს არც მელი. მას 7 წელი მიუსაჯეს. ის საქმეში მონაწილე ერთადერთი პირია, რომელიც ციხეში ზის. ივანოვს 4 წელი მიუსაჯეს, თუმცა ის თავისუფლებაზე დარჩა, რადგან მაშინვე შეიტანა სარჩელი აპელაციაზე. 

ყველაზე დიდხნიანი სასჯელი 14 წელი ლიტველ სეპარატისტ ვლადიმირ უსხოპჩიკს მიესაჯა, რომელიც ბელორუსიაში ცხოვრობს. ის დაუსწრებლად გაასამართლეს. 

1991 წელს რუსეთში მარშალი იაზოვი გადატრიალების მცდელობისთვის ნახევარი წლით ციხეში მოხვდა, თუმცა ის სახელმწიფო დუმამ ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლა. ამის შემდეგ ჯერ კიდევ ბორის ელცინის პერიოდში მისი პოლიტიკური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო: თავიდან როგორც ე.წ "დიდი სამამულო ომის" მონაწილეს სამხედრო აღლუმებზე იწვევდნენ, ხოლო მოგვიანებით, როგორც სამხედრო ჩინოვნიკს. 

2008 წელს იაზოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთერთი ქვედანაყოფის გენერალურ ინსპექტორად დანიშნეს, სადაც ყოფილი ოფიცრები მუშაობენ. 2014 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, იაზოვს 90 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ამაყობს იმ შესაძლებლობით, რომ ასეთ დღეს მის გვერდით დგას. იაზოვი აქტიურად გამოდის სტალინის დაცვის განცხადებებით. 2016 წელს მან წიგნიც კი გამოსცა, სახელწოდებით Победоносец Сталин.

კომენტარები