ნარკოტესტი

პირველი აპრილიდან მძღოლებს სპეციალური ტესტებით ნარკოტიკულ სიმთვრალეზე შეამოწმებენ

2019 წლის პირველი აპრილიდან პატრული მძღოლებს სპეციალური ტესტების საშუალებით გადაამოწმებს, რომელიც ადგენს აქვს თუ არა პირს მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება ბოლო 8 საათის განმავლობაში. ასევე პირველი აპრილიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტის მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით ხდება დასჯადი. ტესტი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა.

მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ტესტის საშუალებით ნარკოტიკული თრობის გამოვლენის მაქსიმალური ვადა 6-დან 8 საათამდეა და ამ ცვლილების მიზანი საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფაა.

"კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს," - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

უწყებაში ამბობენ, რომ ტესტით გადამოწმების შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი შემოწმდება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

"ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთშ, ფინეთში, შვედეთში და ა. შ," - ამბობენ შსს-ში. 

კომენტარები