მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩემი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებს ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია

ჩვენ გასულ წელს ვიზეიმეთ პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც პირველმა რესპუბლიკამ მიიღო, განათლებას ეხებოდა. მათ შეძლეს და ორი წლის განმავლობაში 1200 ახალი სკოლა გახსნეს საქართველოში. ჩვენს დიდ წინაპრებსაც საქართველოს წარმატებისა და ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების ერთადერთ სწორ გზად სწორედ განათლება მიაჩნდათ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ნათელი პასუხია. შესაბამისად, ეს არის სწორედ ეროვნული იდეა, რომელიც დაგვაძლევინებს ყველა გამოწვევას. განათლებაში არის ხსნა და განათლებაში არის თავისუფლება, თავისუფლება ოკუპაციისგან და თავისუფლება სიღარიბისგან. ჩვენ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, სადაც ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული წარმატება იქნება ის, რომ ჩვენ ადამიანური კაპიტალის ინდექსში ვიყოთ ლიდერები. მწამს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და ეროვნული ინტერესების ერთგულება. ჩვენ გვჭირდება რწმენა იმისა, რომ მომავალი არის თქვენს ხელში, ახალგაზრდების ხელში. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტებს, რომლებსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.

კომენტარები