თავდაცვის სამინისტრო

მფრინავმა ქალმა დისკრიმინაციის გამო თავდაცვის სამინისტრო დატოვა, უწყება კი მას უჩივის

reginfo.ge

სამხედრო მფრინავმა ეკატერინე ქვლივიძემ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამხედრო სამსახური დატოვა. საპასუხოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ ქვლივიძეს უჩივლა და ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქვლივიძე 11 წელი მსახურობდა. მისი თქმით, 2017 წელს აშშ-ში მოსამზადებელ კურსს გადიოდა და დაბრუნების შემდეგ წოდებრივად დააქვეითეს. მფრინავი ამბობს, რომ საფრენოსნო პროგრამაში არ ჩასვეს, რის გამოც სამოქალაქო განხრით სწავლა მოითხოვა. ამაზე ნებართვა მისცეს, თუმცა მოგვიანებით აუკრძალეს. ამის შემდეგ, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გორში სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, სადაც დამწყებ მფრინავებს ასწავლიდა.

პარალელურად ქვლივიძე ფრენის უფლებას ითხოვდა და ასევე, ავღანეთის მისიაში ჩართვა სურდა, თუმცა უარი მიიღო. 

"მაშინდელ ჩემ მეთაურს, სიმონ წიკლაურს როცა გავესაუბრე, თუ ვიყავი საფრენოსნო პროგრამაში გათვალისწინებული, ასეთ წინადადება მითხრა: ვინაიდან არის მცირე რესურსები საფრენ აპარატზე, ამ რესურსების ქალ მფრინავზე დახარჯვას არ ვაპირებთ და ზემოდან, ზოგადად, ქალი მფრინავიც არ სჭირდებათ და მთელი წლის განმავლობაში შენ ფრენის არანაირი იმედი არ გქონდესო",- ამბობს ეკატერინე ქვლივიძე.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრთანაც გააგზავნა წერილი, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა. 

"მე მქონდა იმედი რომ გამომეხმაურებოდა, როგორც ერთ ჩვეულებრივ სამხედრო მოსამსახურეს, თუნდაც შეხვედრის საშუალება მექნებოდა, მაგრამ საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონია",- ამბობს ის. 

ქვლივიძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. მათი თქმით, 2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მისთვის 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა, ასევე, 28 000 ლარის 0.2% დაკისრება 2018 წლის 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე.

"ქალბატონ ქვლივიძეს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თუმცა, მოლაპარაკებების გზით უთხრეს, რომ მოდით დავასრულოთ მშვიდად, თქვენ დაწერეთ პატაკი გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგიწყვიტავთ კონტრაქტს, მაგრამ არანაირი პრეტენზია თავდაცვის სამინისტროს თქვენ მიმართ არ ექნება. ამის შემდეგ, ვიგებთ რომ სამინისტროს 2018 წლის ნოემბრისთვის აქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში, ითხოვს ჯარიმის გადახდას და ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს. აღნიშნულის საპასუხოდ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვეთ ამ კონტრაქტის გაუქმების მართლცნობიერად აღიარება, გარკვეული მუხლების ბათილად ცნობა. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო სამსახურია, თუმცა ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ უპირობოდ იყოს სამხედრო მოსამსახურე მსახურებაში და იმუშაოს იმდენი ხანი, რამდენიც კონტრაქტშია, უშუალოდ არღვევს შრომის უფლებას,"- ამბობს ცენტის ადვოკატი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართავს.

საპასუხოდ დღეს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვლივიძის გადამზადებისთვის დიდი თანხა დაიხარჯა. 

"2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49-ა თასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე)",- აცხადებენ სამინისტროში. 

უწყების მტკიცებით, სამინისტრომ ყოფილ თანამშრომელს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით.

"აქვე აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და მოუფრთხილდეს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს და აღნიშნული თანხა რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შესაბამისად, საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროვებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. მათი თქმით, გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი 2014 წლიდან არსებობს და ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. ასევე, მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით.

კომენტარები