ევროპული საქართველო კერზაიას საქმეზე მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლას ითხოვს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

ევროპული საქართველო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც დღეს პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ თქვა, თვეების განმავლობაში კერზაიას საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისგან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. 

"უკვე მეოთხე თვეა საზოგადოება ელოდება პასუხებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით დაბარებული გვყავდა პარლამენტში განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის მერე გავიდა თვეზე მეტი დრო. პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება მაგრამ შედეგი არ დაუდია, არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. არათუ არავინ დასჯილა, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთის მხრივ, მეექვსე საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორეს მხრივ, რომლებიც იბარებდნენ ქალბატონ ია კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მყავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალაქ ზუგდიდში ბატონი ფარცვანია, ყველანი არიან ჯერ კიდევ თავის თანამდებობებზე. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან. პირველ რიგში იმისთვის რომ მოეფინოს ამ საქმეს ნათელი მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი," - ამბობს კაპანაძე.

ევროპული საქართველო ასევე ითხოვს, რომ კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მივიდეს მთავარი პროკურორი და ასევე კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას  თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს მოკვლევას, როგორც ია კერზაიას საქმესტან დაკავშირებით, ასევე ზოგადად მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებზე არსებულ ზეწოლებტან დაკავშირებით. 

"ევროპული საქართველო ითხოვს, რომ მთავარი პროკურორი მოვიდეს განათლების კომიტეტში და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარუდგინოს კომიტეტს. ამის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება კომიტეტის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურად მივმართავთ განათლების კომიტეტის ყველა წევრს, მათ შორის ქართული ოცნებიდან. ახალი რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტებს შეუძლიათ თემატური მოკვლევა სხვადასხვა თემებზე და ჩვენ მივმართავთ განათლების კომიტეტს რომ შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი," - ამბობს კაპანაძე.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) კერზაიას სამესტან დაკავშირებით ანგარიში გამოქვეყნა. დასკვნის მიხედვით,"განათლების სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები".

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ "მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე აჩენს ეჭვებს". 

ISFED-ის ცნობით, საეჭვო ვადების გარდა, ასევე ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. ამასთან, 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ "არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ". 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები