აშშ

პომპეო: შესაძლოა, ღმერთმა გამოგზავნა დონალდ ტრამპი ისრაელის ირანისგან გადასარჩენად

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ისრაელს ღმერთმა გამოუგზავნა, რათა ის ირანისგან დაიცვას. 

ისრაელში მაღალ-პროფილური ვიზიტის ფარგლებში Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეომ თქვა, რომ ამის დაჯერების მიზეზი მისი ქრისტიანული რწმენაა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ღმერთის ხელი"- თქვა პომპეომ. 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ძალისხმევას იმის შესახებ, რომ "შუა აღმოსავლეთში ეს დემოკრატია, ეს ებრაული სახელმწიფო დარჩეს". 

22 მარტს ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად აღიაროს:

"50 წლის შემდეგ დროა აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული მნიშვნელობისაა ისრაელისა და რეგიონული სტაბილურობისათვის!"

მას ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა:

"მაშინ, როდესაც ირანი ცდილობს სირია ისრაელის გასანადგურებელ პლატფორმად გამოიყენოს, პრეზიდენტი ტრამპი გაბედულად აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს გოლანის მაღლობზე." დაწერა მან.

ისრაელმა გოლანის მაღლობის ტერიტორია 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შედეგად სირიისაგან მოიპოვა, თუმცა ბევრი ქვეყანა გოლანი მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ომის საშუალებით ტერიტორიების მოპოვებას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქდ ცნო და აშშ-ის საელჩო თელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. გადაწყვეტილება ბევრმა ქვეყანამ დაგმო და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აშშ-ს მისი გაუქმებისაკენ მოუწოდა, თუმცა ტრამპს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. იერუსალიმში საელჩოს გადატანას ღაზას სექტორში დაპირისპირება მოჰყვა. მიუხედავად ამისა აშშ-ის მსგავსად საელჩო გადაიტანა გვატემალამაც, ხოლო ბრაზილიის და ავსტრალიის მთავრობები ამბობენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ.

კომენტარები