მკვლელობა ხადას ხეობაში

სმიტების ოჯახის მკვლელობა - ნაფიცი მსჯულები ვერდიქტს 25 მარტს გამოიტანენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსჯულები ვერდიქტს 25 მარტს გამოიტანენ. პროკურატურის ცნობით, საქმის გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება გამოიკვლია.

"პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება. პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად, მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ ", - აღნიშნავს პროკურატურა.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო - კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

კომენტარები