თავდაცვის სამინისტრო

ახალწვეულის მიმართ ძალადობისა და გამოძალვისთვის ორი სამხედრო დააკავეს

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი სამხედრო მოსამსახურე დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალი უახლოეს საათებში წარედგინებათ. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

სამხედრო პოლიციის წარმომადგენლის ირაკლი ბაზერაშვილის თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ორმა პირმა რამდენიმე წვევამდელის სახელფასო ბარათების მონაცემები მოიპოვა.

კომენტარები