ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმე

მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აჭარის ტელევიზია

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს გამოაცხადა. 

მოკლულის ახლობლებისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელია, ისინი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ. მათ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს და ბიძინა ივანიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვეს. 

აჭარის ტელევიზიის ცნობით, განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, მისმა ახლობლებმა კი სასამართლო სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლეს გადაწყვეტილება 11 მარტს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ხმაური იყო - გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლებმა პროცესზე ბრალდებულის ნათესავების გამოჩენა გააპროტესტეს. ხმაურის შემდეგ, მანდატურებმა დარბაზი ჯერ ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს დაატოვებინეს, შემდეგ კი მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. სათათბიროდ გასულმა გიორგი გრატიაშვილმა განაჩენის გამოცხადება ერთი დღით გადადო. 

აჭარის ტელევიზია ამბობს, რომ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს მაშინ მოკლეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელს დანა ზურგში ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები