ალჟირი

აქციების შემდეგ ალჟირის პრეზიდენტმა ბუტეფლიკამ თქვა, რომ არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

აბდელაზიზ ბუტეფლიკა
AFP

ალჟრიში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ თქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

"მეხუთე ვადა არ იქნება. ამის თაობაზე კითხვა არც არსებობდა. ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემი უკანასკნელი მოვალეობა ალჟირელი ხალხის წინაშე არის ახალი რესპუბლიკის საფუძვლის შექმნაში წვლილის შეტანა." თქვა მან.

ამასთანავე მან 18 აპრილს დანიშნული არჩევნები გადადო და მისი ჩატარების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერმინისტრმაც. მის მოვალეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს და ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

ბუტეფლიკამ განცხადება შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. იქ ის სამკურნალოდ იმყოფებოდა.

82 წლის ბუტეფლიკა, რომელმაც 2013 წელს გულის შეტევაც გადაიტანა, ამჟამად ჟენევაში მკურნალობს. მას 2014 წლის შემდეგ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა გასულ კვირას მომიტინგეები გააფრთხილა, რომ გამოსვლებმა შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მან მოსახლეობას სთხოვა კიდევ ერთხელ აერჩიათ პრეზიდენტად და დაჰპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში პოსტს ერთი წლის შემდეგ დატოვებს.

ალჟირში ათობით ათასი ადამიანი ბუტეფლიკას გადაწყვეტილებასთან ერთად კორუფციას და უმუშევრობასაც აპროტესტებდა.

კომენტარები