შსს

შსს კრიმინალური დოკუმენტური მინისერიალის გადასაღებად თითქმის ნახევარ მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ დოკუმენტურ მინისერიალს გადაიღებს და ამაში 486 051 ლარს დახარჯავს. საქართველოს მთავრობამ უწყებას გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადების უფლება მისცა და მიზეზად, "სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება" დაასახელა.

"შსს-მ 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს კრიმინალური დოკუმენტური მინისერიალის გადასაღებად საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა" - ნათქვამია მთავრობის 25 თებერვლის დადგენილებაში.

შსს-მ პირდაპირი შესყიდვა იანვარში გამოაცხადა. დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ უწყება "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ამავდროულად ყველაზე პრესტიჟული კრიმინალური დოკუმენტალური ტელეგადაცემის "48 საათის“ ტიპის მინისერიალს" გადაიღებს. შსს Columbia Broadcasting System (CBS)-სგან ოფიციალურ ლიცენზიას შეიძენს. 

"სამინისტროს მიზანია, ნათლად გამოჩნდეს სისტემური განახლების ფარგლებში გატარებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის შედეგი. მთელ ამ პროცესში სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ზრდას, საზოგადოების მხრიდან მოპოვებულ ნდობას, ღიაობასა და გამჭვირვალობას. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, რომლის წინაშეც სამინისტრო უნდა წარსდგეს, როგორც ქმედითი, თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური სამართალდამცავი სტრუქტურა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მაღალია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ფართო საზოგადოებაზე გათვლილი კრიმინალური დეტექტიური ტელეგადაცემის შექმნით" - ნათქვამია დოკუმენტაციაში და აღნიშნულია, რომ "საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აკეთებს ამ გადაცემის საერთაშორისო ვერსიას და ეს უცხოურ პრესაშიც გაშუქდება, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე".

შსს-ს ცნობით, ტელეგადაცემების ძირითადი სცენარი იმ საქმეების გამოძიების შესახებ, რომლებიც აქტუალურ თემებს წარმოადგენს.

"კერძოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი დანაშაულებები, ყაჩაღობა და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობა. რიგ შემთხვევაში, საზოგადოება, შს სამინისტროს საქმიანობას მხოლოდ ციფრების მეშვეობით აფასებს, გახსნილი საქმეების რაოდენობა, გაუხსნელი საქმეების რაოდენობა და ა.შ. რა დროსაც, რიგ შემთხვევაში იკარგება ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც საჭიროა თითოეული დანაშაულის გასახსნელად. ასევე ფილმში ნაჩვენები იქნება ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ კრიმინალურ საქმიანობასთან, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს საზოგადოების თითოეული წევრი, შესაბამისად მიზანშეწონილია ღონისძიების დროულად განხორცილება" - წერს უწყება დოკუმენტაციის დასაბუთებაში.

მინისერიალის გადაღება სავარაუდოდ 2019 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები