ე.წ ციანიდის საქმე

საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, ე.წ ციანიდის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოხსნას

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, ე.წ ციანიდის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოხსნას. შესაბამისი წერილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის კურთხევით გაუგზავნა.

"გრიფი "საიდუმლო" ზოგიერთ პიროვნებას სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალებას აძლევს. 

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკიმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება" - ნათქვამია წერილში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პატიმრობის პერიოდში, დეკანოზი მამალაძე რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მან ასევე გამოგზავნა რამდენიმე წერილი. მისი ოჯახი საპატრიარქოსთან უკვე რამდენიმე კვირაა, აქციას მართავს და დეკანოზის შეწყალებას ითხოვს. 

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პატიმრის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებს, თუ მსჯავრდებული თავის წილ დანაშაულს აღიარებს. მისივე განცხადებით, საპატრიარქო ითხოვს, გამოქვეყნდეს დეკანოზ მამალაძის ყველა წერილი და საქმის მასალები. 

კომენტარები