აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილს იმიტომ შევხვდი, რომ არ ვიცოდი, აკრძალული თუ იყო ეს

ბიძინა ივანიშვილს იმიტომ შევხვდი, რომ არ ვიცოდი, თუ აკრძალული იყო მასთან შეხვედრა. რომ მცოდნოდა, არ შევხვდებოდი. ვერ გავარკვიე, ვინ აკრძალა, რატომ აკრძალა. ბატონი ბიძინა გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. სხვათა შორის, მისი პრემიერობის დროს დაიწყო, აი, ეს პირდაპირი, ე.წ პრაღის ფორმატის დიალოგი. მე სანამ პრაღაში წავალ, რა თქმა უნდა, ვხვდები პრემიერმინისტრს. დაბრუნების შემდეგაც უკვე შევხვდი მას. ვხვდები საგარეო საქმეთა წარმომადგენლობას, მათაც უკვე შევხვდი. ვხვდები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დიპლომატებს. აი, ახლაც მექნება შეხვედრები იმისათვის, რათა მაქსიმალურად ჩავაყენო საქმის კურსში, როგორ მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა საკითხებს განვიხილავთ, რა პრობლემებია და შემდეგ მოვისმინო მათგან რჩევები. ამიტომ, ეს შეხვედრაც ბიძინა ივანიშვილთან იყო აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. გარდა ამისა, ბატონ ბიძინასთან მაკავშირებს დიდი ხნის, ძალიან კარგი ურთიერთობები. ყოველთვის სიამოვნებით ვხვდებოდი მას და ყოველთვის სიამოვნებით შევხვდებოდი. კარასინმა დამისვა კითხვა, რითი იყო გამოწვეული ის აჟიოტაჟი, რაც მოყვა ჩემს შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის შიდა კონიუქტურის ნაწილი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. მასთან შეხვედრა არის აბსოლუტურად ნორმალური. მე მასთან მქონდა საინფორმაციო შეხვედრა. მივაწოდე ინფორმაცია იმ თემების შესახებ, რომელსაც ჩვენ აქ განვიხილავთ. 

აი, ახლა მე თქვენ [ჟურნალისტებს] გეკითხებით, გამოცდილი ხალხი ხართ, რა მესიჯი უნდა წაიღო მალულად ევროპის შუაგულში, ამდენი ხალხის თანდასწრებით, ამდენი თვალი, ამდენი ყური. ეს ხომ არასერიოზულია? 

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო შეხვედრის შესახებ. შეხვედრაზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე აბაშიძე ივანიშვილთან სახლში მივიდა. შეხვედრის შემდეგ კარასინმა თქვა, რომ "პრაღის შეხვედრის ტონალობა შესაბამისობაში იყო იმასთან, რაზეც აბაშიძემ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა".

კომენტარები