ზვიად დევდარიანი

იღებდა თუ არა დევდარიანი ფულს CiDA-სგან გადადგომის შემდეგ - განსხვავებული პასუხები

მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა სამოქალაქო განვითარების სააგენტოში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს და პროკურატურას მიმართეს, ცნობილი გახდა, რომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც იღებდა ორგანიზაციის ფულს. სიდას ახლანდელი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ დევდარიანს ნაღდი ფული ერთხელ მისცა და ისიც, ფინანსური მენეჯერის თხოვნით. ფინანსური მენეჯერი კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს და მეტიც, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბანკიდან თანხა არა ერთხელ, არამედ ორჯერ გამოიტანა. ამავდროულად, თავად ზურაბიშვილს კითხვები აქვს ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი ტაბულასთან ადასტურებს, რომ მის წინამორბედს, ზვიად დევდარიანს თანამდებობის დატოვების შემდეგ ორგანიზაციის კუთვნილი ნაღდი ფული მისცა. მისი თქმით, ეს დევდარიანის ბოლო სამუშაო თვის ანაზღაურება და ოფისის იჯარა იყო, რომელსაც ორგანიზაცია დევდარიანის ცოლისგან ქირაობდა.

სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ამ პერიოდში ის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ფინანსურ დოკუმენტს მისი გაყალბებული ხელმოწერა აქვს.

"ეს იყო ერთი შემთხვევა. დევდარიანი 23 მარტს გადადგა თანამდებობიდან, მარტის ანაზღაურება მივეცი მას ნაღდი ანგარიშსწორებით, ფინანსური მენეჯერის. ფინანსურმა მენეჯერმა მითხრა, რომ არ ხორციელდებოდა გადარიცხვები, რადგან ამონაწერში ფიქსირდებოდა სხვა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, შესაბამისად, თიბისი ბანკმა შეზღუდა გადარიცხვები. მითხრა, რომ მე უნდა მიმეცა ზვიადისთვის მისი კუთვნილი ხელფასი და იჯარა. ეს იყო სულ ერთადერთი შემთხვევა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ტაბულასთან.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თანამშრომელმა ფინანსური დარღვევების შესახებ აცნობა, დოკუმენტები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ იმ დოკუმენტზეც, რომლის მიხედვით დევდარიანისთვის ფული ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მიეცათ, მისი გაყალბებული ხელმოწერა იყო. მეტიც, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით იმ თანხის ნაწილი, რომელიც დევდარიანს გადასცა, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებზე, მათ შორის მასზეც იყო გაწერილი. ტაბულას კითხვას, თუ თანხა მასაც ეკუთვნოდა, რატომა არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, ის პასუხობს, რომ კუთვნილი ხელფასი ერიცხებოდა და ორგანიზაციიდან კიდევ რამე თანხა თუ ეკუთვნოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

სალომე ზურაბიშვილი არ ამბობს რამდენი თანამშრომლის თანხა გადასცა დევდარიანს და რა ოდენობის იყო სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პირისთვის გადაცემული ფული. სიდას აღმასრულებელი დირექტორი ამას გამოძიების ინტერესებით ხსნის.

"ფინანსური მენეჯერის დავალებით, ეს თანხა, როგორც კუთვნილი ხელფასი, მივეცი დევდარიანს. თუმცა, ფინანსურ მენეჯერს სხვანაირად აქვს გაწერილი ეს თანხები. ჩემი ხელმოწერა არის გაყალბებული, ამიტომ მივმართე პროკურატურას", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ამის გარდა დევდარიანს არც ნაღდი და არც უნაღდო ანგარიშსწორებით ზვიად დევდარიანს სიდასგან არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

ტაბულას კითხვას, რატომ არის ამაში ასე დარწმუნებული, მით უმეტეს, რომ მისივე მტკიცებით, თავად ფინანსური მენეჯერის დავალებით მისცა ზვიად დევდარიანს ფული, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რაც ხელმძღვანელად დაინიშნა, სიდაში ნაღდი ანგარიშსწორება აიკრძალა და რომელიმე თანამშრომელი თავის ხელფასს თუ აძლევს დევდარიანს, არ იცის.

ტაბულა ასევე დაინტერესდა ქირაობს თუ არა სიდა ოფისს ისევ დევდარიანის ცოლისგან. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2018 წლის სექტემბრიდან ახალ ოფისში გადავიდნენ, რომელიც მთლიანად გაარემონტეს. რაც შეეხება იჯარის თანხას, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 3000 ლარს იხდიან.

ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით სიდას უკვე ყოფილ ფინანსურ მენეჯერს, ნუგზარ არველაძეს. ის ამბობს, რომ ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი ტყუის და თანხა არა მისი დავალებით, არამედ თავისი სურვილით და არა ერთხელ, არამედ ორჯერ გამოიტანა.

"ეს არის ტყუილი. მან თანხა გამოიტანა და არ ვიცი ვის მისცა. ასევე გამოიტანა მეორე თვეშიც ამდენივე თანხა და ეს დაფიქსირებულია საბანკო ამონაწერში. თვითონ ჰქონდა პრეროგატივა თანხის გამოტანის და განკარგვის, რასაც არავის ეკითხება და არც უკითხავს, რატომ გამოიტანა და ვის გადასცა. რატომღაც, ახლა აღმოაჩინა, იმიტომ რომ დაეძაბა სიტუაცია თანამშრომლებთან და საქმე გასკდა უკვე. წამოიწყო კამპანია, რომ მე გადმომაბრალოს. ჩემთან საერთოდ თანხა არ შემოდის ხოლმე, არ შემოსულა არასდროს. გამოტანილ თანხაზე პასუხისმგებელი არის აღმასრულებელი დირექტორი, მხოლოდ მას ჰქონდა გამოტანის და განკარგვის უფლება. აპრილის ბოლოსაც აღარ იყო დევდარიანი და გამოიტანა თანხა, ესე იგი გამოჰქონდა და ისევ აძლევდა? ვერ ვხდები აქ ლოგიკა სად არის. საბანკო ამონაწერში ჩანს, რომ თანხა გამოტანილია. რას ნიშნავს გვიან გაიგო? ეს საერთოდ ლოგიკას ეწინააღმდეგება. რატომ გამოიტანა და ვის მიუტანა, ამას სასამართლო გაარკვევს", - ამბობს ნუგზარ არველაძე.

ტაბულას კითხვას, ყოფილა თუ არ შემთხვევა, რომ დონორებისთვის გადასაცემ დოკუმენტებში თანხის მიმღებად მითითებული იყო სხვა თანამშრომელი და ფული ერიცხებოდა სხვას, პასუხობს, რომ ვერ ხვდება რას ვეკითხებით და თანამშრომლები ბიუჯეტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას იღებდნენ.

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციაზე საპასუხოდ, რომ გადადგომის გამო ფინანსური მენეჯერი დევდარიანს ხელფასს ვერ ურიცხავდა და ამის გამო დაავალა ნაღდი ფულის გადაცემა, ნუგზარ არველაძე ამბობს, რომ ესეც ტყუილია და თუ საჭირო იყო, თანხას გადარიცხავდა.

"თუ საჭირო იყო, გადავრიცხავდი თანხას და იჯარას ვრიცხავდი მე, რა იჯარის თანხაზეა საუბარი, ვერ ვხვდები. ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. ადგა, გამოიტანა თანხა და და განკარგა. მაშინვე ვნახე და დავაფიქსირე. არაფერი მიპასუხა", - ამბობს სიდას ყოფილი ფინანსური მენეჯერი და დასძენს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი ბანკიდან თანხის აღებას თუ აპირებდა და ამის შესახებ მხოლოდ გამოტანის შემდეგ გაიგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა ოფისს ოფიციალურად არა ზვიად დევდარიანისგან, არამედ მისი ცოლისგან ქირაობდა. შესაბამისად, დევდარიანის გადადგომა იჯარასთან კავშირში არ უნდა ყოფილიყო და თანხა თეონა შალამბერიძის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო.

ტაბულამ სცადა დაკავშირება თავად ზვიად დევდარიანთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რაც შეეხება გამოძიებას, მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმის მასალები რუსთავის პროკურატურას გადასცეს და დაიწყება თუ არა გამოძიება გადაწყდება მას შემდეგ, რაც ამ მასალებს შეისწავლიან.

პროკურატურაში სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარდგენილი აქვს დოკუმენტაცია სხვადასხვა ფინანსურ დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა 35 000-ლარიანი ცდომილება თანამშრომლისთვის გადახდილ და დოკუმენტებში დაფიქსირებულ ანაზღაურებას შორის, გაყალბებული ხელმოწერები ფინანსურ დოკუმენტებზე, ყოფილი ხელმძღვანელისთვის ნაღდი ფულის გადაცემა და ა.შ. სიდას მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ყველა ეს საქმე ზვიად დევდარიანის ხელმძღვანელობის პერიოდს ეხება. CiDA-ს თანამშრომლების ნაწილი თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სიდას ხელშეკრულება შეუჩერა ერთ-ერთმა დონორმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ(UN Women). მათი განმარტებით, შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთანა და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით.

ზვიად დევდარიანის საქმე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA) სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქალთა უფლებებზეც მუშაობს. მისი უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 2018 წლის 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. 22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობდა. 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა. 3 აპრილს მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები