ზვიად დევდარიანი

ჩერგოლეიშვილი, ტაბულა და სხვები - ვის უჩივის დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვისთვის

რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის 11 პირის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. 11 პირის გარდა დევდარიანი ტაბულასაც უჩივის. საჩივარი დევდარიანმა ადვოკატთან ერთად საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. 

დევდარიანმა საჩვარი შეიტანა როგორც ტაბულას, ასევე მისი დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღდეგ. მოპასუხე მხარეებს შორის ასევე არიან: ბაია პატარაია, იდა ბახტურიძე, ნინო დანელია, თამარა კაკაბაძე, ეკა ონიანი და თამარ ყურაშვილი.

დანარჩენ 4 პირს ადვოკატი არ ასახელებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

დღესვე დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გამარტა თუ რატომ მოხვდნენ ჩამონათვალი ტაბულა და თამარ ჩერგოლეიშვილი.

"რატომ არის დასახელებული ტაბულა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონი მოითხოვს, იქნეს მითითებული ფორმალურად ის მედია საშუალება, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ცნობების უარყოფა. აქედან გამომდინარე, ის გავრცელებული ცნობები, ცრუ ცნობები, რომელმაც შელახა ზვიად დევდარიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, უნდა მონაწილებდეს პროცესში ერთერთ მხარედ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ და დანაპირებს ვასრულებთ, რომ ჩვენ არცერთი მედია საშუალების, მათ შორის ტაბულას მიმართ პრეტენზია, როგორც მედია საშუალებაზე არა გვაქვს, უბრალოდ ეს არის კანონის ფორმალობა, რომელიც არის დადგენილი სიტყვის და გამოხატვის დადგენილების კანონით. ტაბულა იყო პირველი, რომელმაც პრაქტიკულად დაასახელა ის 10 დაფარული ქალი, რომელიც ბრალს დებდა ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ძალით და ამხილა, რომ თითქოს ის იყო მოძალადე. თამარ ჩერგოლეიშვილს იგივე ლოგიკით, ნახავთ ამას სარჩელში, თამარ ჩერგოლეიშვილს ჩაბარდება და ნახავს რატომაც ვუჩივით, თუნდაც იმ ბოლო განცხადების გამო, რომელიც მან გაავრცელა, რომ ზვიად დევდარიანი არის სექსუალური მანიაკი. რატომ არის თამარ ჩერგოლეიშვილს სიაში ამას სასამართლო პროცესზე მოგახსენებთ." - ამბობს გაბუნია.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები