ფარული ჩანაწერები

შსს: დავადგინეთ, რომ დეპუტატებთან გაგზავნილი კადრები პირადი ცხოვრების დეტალებს არ შეიცავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას 27 თებერვალს მიმართეს პარლამენტის წევრებმა და უთხრეს, რომ სამსახურის მეილზე სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მიიღეს. საუბარია "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ პორნო ლინკზე, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, მიმართავდნენ თუ არა დეპუტატები პოლიციას.

"მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან", - ამბობენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას არ უპასუხეს კითხვაზე რომელ საათზე შევიდა უწყებაში დეპუტატების ზარი, რომელ საათზე გახსნეს მეილი და რომელ საათზე ჩამოტვირთეს ვიდეო. შსს-ში ამბობენ, რომ ამ და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და სხვა დეპუტატებს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი". ჯაფარიძესთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.

თავად დავით მათიკაშვილი კი ტაბულასთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეილი გახსნა და სახელწოდება წაიკითხა, პოლიციას შეატყობინა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, ვიდეო სწორედ შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოტვირთეს და იქ "უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრები" აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოს გაგზავნის შესახებ წინასწარად გაავრცელა ინფორმაცია. მან ამის შესახებ ფეისბუქ ვიდეოში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პორნო ლინკს უგზავნიდა, მათ შორის დავით მათიკაშვილს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 1 თებერვალს 19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს. 

სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. ანი აროშიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მას იურიდიულ დახმარებას პარტია "გირჩი" გაუწევს.

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

კომენტარები