ფარული ჩანაწერები

მათიკაშვილი ამბობს, რომ ვიდეო "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი" პოლიციის თანდასწრებით გახსნა

პარლამენტი

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი". ჯაფარიძესთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.

"იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

ტაბულა დაუკავშირდა დავით მათიკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მეილი გახსნა და წაიკითხა სახელწოდება, პოლიციას შეატყობინა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, ვიდეო სწორედ შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოტვირთეს და იქ "უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრები" აღმოჩნდა.

"26-ში გვიან მოვიდა ეს მეილი პარლამენტარის ოფიციალურ მეილზე. განვაცხადე პოლიციაში. გვიან ღამე იყო, უკვე 27 თებერვალი. მოვიდა კიბერ დანაშაულის განყოფილებიდან შესაბამისი ჯგუფი, მოხდა მათი თანდასწრებით ამის გახსნა. რეაგირება მოვახდინე, ეს შემიძლია დავადასტურო. აღმოჩნდა შიგნით რომელიღაც უცხოელი პორნოვარსკვლავის რაღაც კადრები. პოლიციის თანდასწრებით გავხსენი, მანამდე არ გამიხსნია. ეწერა პირდაპირ პარლამენტარის ჯგუფური სექსიო და იქ იყო კიდე რაღაც ბმული, სადაც უნდა გადასულიყავი, რომ გენახა და არ გადავსულვარ", - ამბობს მათიკაშვილი ტაბულასთან.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოს გაგზავნის შესახებ წინასწარად გაავრცელა ინფორმაცია. მან ამის შესახებ ფეისბუქ ვიდეოში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პორნო ლინკს უგზავნიდა, მათ შორის დავით მათიკაშვილს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით, უწყებას 27 თებერვალს მიმართეს პარლამენტის წევრებმა და უთხრეს, რომ სამსახურის მეილზე სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას არ უპასუხეს კითხვაზე რომელ საათზე შევიდა უწყებაში დეპუტატების ზარი, რომელ საათზე გახსნეს მეილი და რომელ საათზე ჩამოტვირთეს ვიდეო. შსს-ში ამბობენ, რომ ამ და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 1 თებერვალს 19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს. 

სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. ანი აროშიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მას იურიდიულ დახმარებას პარტია "გირჩი" გაუწევს.

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო. 

კომენტარები