საქართველოს პარლამენტი

ჭიჭინაძე: დრო დადგა, მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია

პარლამენტი

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს. კითხვაზე, იქნება თუ არა ეკა ბესელიას ფრაქციაში, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ "მე დღეს არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას, პირდაპირ გეუბნებით". მისივე თქმით, "გარიცხულ დეპუტატებთან" უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა, ვიდრე "გამოსულ" დეპუტატებთან.

"მე ალბათ დაველოდები გარიცხულ დეპუტატებს და იმათთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა, ვიდრე გამოსულებთან.

ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე უნდა ვიცოდე პოლიტიკური შეხედულებები, ვინ იქნებიან ამ გაერთიანებაში და მე საერთოდ ვთვლი, რომ დრო დადგა, მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია და სხვის პოლიტიკური ორგანიზაციაში... მე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ძირითადი დასაყრდენი ბაზა არის ის ადამიანები, ვინც ჩემსავით იმედგაცრუებულები არიან, 2012 წელს მოსულები, ისინი არიან დასაყრდენები და გარკვეული კონსულტაციები... არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან" - ამბობს დეპუტატი.

დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას რამდენიმე თვის წინ გამოეყო. ის "საქართველოს პატრიოტებს" შეუერთდა - მათ ნატო ჩხეიძის გასვლის გამო ფრაქცია ეშლებოდათ. თუმცა ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაც დატოვა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ბოლო პერიოდში ოთხმა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები