ენმ ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარებას ითხოვს

პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარებას ითხოვს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნე სწორედ ანაკლიის პორტია. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის სხდომის ჩაშლამ ნათელი გახდა, რომ "საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებასთან, რომლის სამიზნე არის არამხოლოდ თიბისი ბანკი, არამედ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი". ის მიმართავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ანაკლიის პორტი. ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას უკვე დიდი ხანია ეწევა რუსეთი. საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს პარლამენტს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს.

შესაბამისად, მე მივმართავ ოფიციალურად წერილობით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა ანაკლიის პორტის თემაზე, სადაც გამოცხადდებიან როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები და საჯაროდ, პარლამენტში განხილული იქნება ის დეტალები, რომელიც უკავშირდება ამ პროექტის მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან. ამ სტრატეგიული ინტერესების დაცვა არის პარლამენტის და ყველა კომიტეტის პირდაპირი ვალდებულება და თუ ამ კომიტეტის მოწვევაზე უარს იტყვის საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი მოქალაქეები და საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ დღეს საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის პარლამენტი პირდაპირ ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს, მათ შორის, როგორც ჩანს, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას, ან მითვისებასაც,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში ყველა ოპოზიციური ჯგუფი მხარს დაუჭერს ენმ-ის ინიციატივას.

"ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რა საფრთხის წინაშე დგას ეს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტი თითოეული ჩვენგანის მომავლისთვის"- აღნიშნა დეპუტატმა.

26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო. ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თავის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა. 

სანამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, კაკულია ამბობდა, რომ დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა, თუმცა, ეს პროცედურა არ ჩატარებულა. 

25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, 26 თებერვალს კი, დისკუსიაზე მაინც მივიდა. სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

თუმცა, კომიტეტში საგნობრივი განხილვა მაინც არ შედგა. 

კომენტარები