ბოკერია: ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ

გიგა ბოკერია
პარლამენტი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, სამარცხვინო ლუსტრაციაა ის ფაქტი, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა, რომელზეც კობა გვენეტაძისა და TBC-ის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, დასრულებულად გამოაცხადა.

"ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ლუსტრაცია იმისი, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა მოდის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ მას აქვს ეს ძალაუფლება, მან გახსნა ეს სეზონი და ბოლომდე მიჰყავს საქმე, ისე რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც იყენებს - დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტით, გაგრძელებული უმრავლესობის წევრებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ უნდათ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და მისი მმართველების წინააღმდეგ. 

ოღონდ პარადოქსი იმაშია, ამ საქციელით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რამდენად აშკარაა ის დაკვეთა, რომელიც დღეს შეასრულა, სამწუხაროდ, პარლამენტის კომიტეტმა, როცა არ მოგვცა საშუალება, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და მოგვესმინა ბატონი ხაზარაძისთვის და თიბისის ხელმძღვანელობისთვის" - თქვა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის მძიმე დარტყმა პარლამენტარიზმისთვისაც.

"დღეს ითქვა კიდევ ერთხელ, რომ ანგარიშვალდებულების შესრულებაზე უარს იტყვიან, როცა ეს არ აწყობთ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, უტიფრად იმისი, რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ - აქამდე იყო პროკურატურა, ეროვნული ბანკი, დღეს ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მხილება, მანამ სანამ ამის შეცვლა არ მოხდება დემოკრატიული არჩევნების გზით" - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო. ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თავის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა. 

სანამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, კაკულია ამბობდა, რომ დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა, თუმცა, ეს პროცედურა არ ჩატარებულა. 

25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, 26 თებერვალს კი, დისკუსიაზე მაინც მივიდა. სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

თუმცა, კომიტეტში საგნობრივი განხილვა მაინც არ შედგა. 

კომენტარები