დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ივანიშვილის ბიზნესცენტრში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

რუსთავი 2

სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შუშის სასახლეში მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე იმყოფებიან.

ბიზნესცენტრში მივიდნენ ლაშა ნაცვლიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავაც. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება ოთხმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი. ამასთან, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სოციალ დემოკრატები შესაძლოა უმრავლესობიდან გავიდნენ და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა.

ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის და ფრაქციის ფორმატებში რამდენიმე შეხვედრა გამართა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვვედრას დაიწყებდა. პარტიის ინფორმაციით, უმრავლესობის ფორმატში საკითხებს დეტალურად ვერ განიხილავდნენ და ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. 

"შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე" - აცხადებენ ქართულ ოცნებაში.

კომენტარები