დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"ვიწყებ კონსულტაციებს" - ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს

ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს. მისი თქმით, იწყებს კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ.

"ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. შეიძლება შეიქმნას ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ჯერ ფრაქცია. უმცირესობა დაიშლება როგორც კი, ერთი დეპუტატი მაინც გამოვა კიდევ უმრავლესობიდან. ეს შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე, რომ ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცით“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, თემატურად შეუძლია თანამშრომლობა, მათ შორის, სოციალ-დემოკრატებთანაც.

"მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სოციალ დემოკრატებმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. ის წასვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს. 

კომენტარები