დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბოკერია: ქალბატონი ბესელია არასდროს ყოფილა და არ იქნება ჩემი პოლიტიკური თანაგუნდელი

გიგა ბოკერია
პარლამენტი

"ბესელიასთვის ჩვენ გუნდში ან ჩვენი მოკავშირეების გუნდში, რაც შეეხება ან ხედვას ან ღირებულებებს, არასოდეს ყოფილა კარი ღია" - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის გადაცემაში "კვირის აქცენტებში" კითხვას - "დაუხურეთ კარი ეკა ბესელიას?".

გიგა ბოკერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკა ბესელია მისი თანაგუნდელი არასოდეს იქნება. მანვე თქვა, რომ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ტაქტიკურად დაემთხვევა ევროპული საქართველოს ამოცანას, მხარს დაუჭერენ.

"მკაფიოდ გპასუხობთ, ქალბატონი ბესელია, მისი არამარტო წარსულის, არამედ აწმყოს შეხედულებების გამო და არამარტო იმ უზნეო აბსურდის გამო, რაც შეეხებოდა იმ დოკუმენტს [პატრიოტთა ალიანსის მომზადებულ კანონპროექტს ენმ-ის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებაზე ეკა ბესელიამ მხარი დაუჭირა], ამის მიღმაც, ის არასოდეს არ იყო და არ იქნება ჩემი პოლიტიკური თანაგუნდელი, არასოდეს.

ეკა ბესელიასი კი არა, ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ტაქტიკურად ემთხვევა ჩვენს ამოცანას, მხარს დავუჭერთ, ჩვენ ხმა მივეცით მის ინიციატივას. ამ თვალსაზრისით, ტაქტიკურად, ვინც არ უნდა იყოს, ის ვინც ჩვენი ქვეყნის მომავლის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, ივანიშვილის ხელისუფლების სრულ მონოპოლიზაციას ან გამყარებას შეეწინააღმდეგება, მხარს დავუჭერთ" - აღნიშნა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გადაცემაში "კვირის აქცენტები".

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია ქართული ოცნება დატოვა. 

კომენტარები