უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

NGO-ებმა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძესთან სამუშაო ჯგუფი დატოვეს

გიორგი მშვენიერაძე
თეორემა/ტაბულა

კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პროტესტის ნიშნად სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მეორე დღეა განიხილავდნენ მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, მათ დატოვეს შეხვედრა, რადგან, ორდღიანი მუშაობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძესთან ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად დარჩენის აზრს ვერ ხედავდნენ.

მისივე თქმით, იყო 5 საკითხი, რომელზეც კონსენსუსი, ან კონსესნსუსის შესაძლებლობა, თუ არ იქნებოდა მიღწეული, დარჩენას აზრი აღარ ექნებოდა, როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა,  ყველა მათგანზე ირაკლი კობახიძისგან მიიღეს პასუხი, რომ შეუძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა.

"ეს საკითხები ეხებოდა, რომ კონკურსი გახსნილი ყოფილიყო, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსამართლეები არ არიან ან არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ან ჩატარებულიყო ისე, როგორც აქამდე ხდებოდა საკვალიფიკაციო გამოცდის გარეშე ნომინირება მოსამართლეების კანდიდატების, თუმცა მზად ვიყავით, შემოთავაზებული ყოფილიყო პროფესიული წრეებიც როგორიცაა; ადვოკატები, პროკურორები, მაგრამ ამაზე წინააღმდეგობა ჰქონდა იმ ვერსიას კანონპროექტის, რომელიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ და წინააღმდეგობა ჰქონდა თავად მას, როგორც მივხდით.

მეორე საკითხი იყო, ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, ჩვენ ვითხოვდით, რომ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავად იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, სანამ მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, შეჩერებოდათ საბჭოს წევრობის უფლებამოსილება, რადგანაც ბუნებრივია არ შეიძლება, არც საკუთარი თავის შესახებ და არც კონკურენტის შესახებ იღებდეს საბჭოს წევრი გადაწყვეტილებას, თუკი თავად მონაწილეობს პროცესში.

მესამე საკითხი, ეს იყო დაკავშირებული ე.წ ფარდობითი კენჭისყრასთან, რაც ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეიტანა განაცხადი საბჭოში მონაწილეობის შესახებ, უნდა გაიფილტროს და გაჩნდეს ე.წ გრძელი სია, 45 კაციანი სია, რომელ სიაშიც ვინ მოხვდება ამას წყვეტს, პირველივე ეტაპზე, ფარდობითი კენჭისყრით 11 ადამიანი, ანუ ე.წ კლანი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს დღეს სასამართლოში, ამ 45-დან ვინ გახდება 18, რომელსაც უყრის კენჭს საბჭო, ესეც ფაქტობრივად იმავე ადამიანების ხელშია და შემდგომი ეტაპი არის უკვე გადაწყვეტილების მიღება, როგორ უნდა მოხდეს.

ჩვენ რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, პირველი ეს იყო, გადაწყვეტილებაზე კენჭისყრა უნდა იყოს ღია და მეორე უნდა იყოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რატომ არის კვალიფიციური კანდიტატი, თუკი მისი ნომინირება ხდება, ამაზეც წინააღმდეგობას შევხვდით და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული 2/3-2/3-ით, ანუ მოსამართლე წევრების 2/3-ით და არამოსამართლე წევრების 2/3 ხმამ ყოფილიყო საჭირო, იმისთვის, რომ საბჭოს გადაწყვეტილება მიეღო, ამაზეც უარზე იყო კობახიძეს, ანუ ფაქტობრივად მან თქვა, რომ, რაც მანამდე ბატონმა მიქაუტაძემ გააკეთა, რომ ეს სია ამოაბრუნა, წაიკითხა და კენჭისყრა ჩაატარა.

ჩვენ ამ პროცესის წინააღმდეგი კი არ ვიყავით, უბრალოდ შესალამაზებელი იყო, პატარა "კოსმეტიკა" ჭირდებოდა ამ ყველაფერს და ეს პროცესი ნორმალურია, რეალურად ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული პარლამენტს, როგორც ჩანს წინასწარ. დღეს პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის ამ კანდიდატების ბიოგრაფიებს, მოამზადებს დასკვნებს კომიტეტისთვის, და ფაქტობრივად ჩემ დასმულ კითხვაზე, აპირებენ თუ არა ამ ტიპის ფორმატში მუშაობას, პასუხი ვერ მივიღეთ", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა იმართებოდა შეხვედრა, სადაც პარლამემნტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ.

კომენტარები