უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

კობახიძე: მოსამართლეების არჩევის წესზე NGO-ების პროტესტი პოლიტიკური სპექტაკლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ იმ სამუშაო ჯგუფის დატოვებას, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განიხილავენ, პოლიტიკური სპექტაკლი უწოდა.

კობახიძეს თქმით, გიორგი მშვენიერაძე არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისივე თქმით, წინა საარჩევნო პერიოდში მშვენიერაძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული.

"ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას, არა პირდაპირი ფორმით, მაგრამ ის მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში",- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენ მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესების და არა გიორგი მშვენიერაძის და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში",- ამბობს ის. 

22 თებერვალს, კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პროტესტის ნიშნად სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს განიხილავდნენ.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, მათ დატოვეს შეხვედრა, რადგან, ორდღიანი მუშაობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძესთან ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად დარჩენის აზრს ვერ ხედავდნენ.

კომენტარები