დეკანოზი მამალაძის საქმე

პენიტენციური: დეკანოზი ციხის კლინიკაში გაივლის ექიმების მიერ რეკომენდებულ პროცედურებს

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურისკლინიკიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკვლევების მიხედვით "თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა."

პენიტენციური სამსახური ავრცელებს კონკრეტულ დეტალებს დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის ჩატარებულ კვლევებთან და დიაგნოზთან დაკავშირებით, რომელსაც ტაბულა არ გთავაზობთ. 

"კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მას ექიმების მიერ რეკომენდებული მკურნალობა ჩაუტარდება." - წერია განცხადებაში. 

15 თებერვალს, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

კომენტარები